კახა კალაძე - ეს გაერთიანებები, პარტიები, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არიან, ებრძვიან ქართველ ხალხს და სიბინძურეებს კადრულობენ, რომ ძალადობა წაახალისონ
კახა კალაძე - ეს გაერთიანებები, პარტიები, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არიან, ებრძვიან ქართველ ხალხს და სიბინძურეებს კადრულობენ, რომ ძალადობა წაახალისონ

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ორმაგი სტანდარტის მაგალითი უწოდა ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ქართველები აღნიშნული ორმაგი თამაშის მონაწილეებსა და მიზნებს კარგად აანალიზებენ.

„ორმაგის სტანდარტის მაგალითია. ეს გაერთიანებები, პარტიები, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არიან. ებრძვიან ქართველ ხალხს და სიბინძურეებს კადრულობენ, რომ კრიმინალი, ძალადობა წაახალისონ, გახლიჩონ საზოგადოება. რაც მთავარია, ვინ ვინ არის და ვის რა ინტერესი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, ქართველმა ხალხმა კარგად გააანალიზა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რატომ ებრძვის და მოითხოვს აღნიშნული პარტია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

„ქვეყანაში მნიშვნელოვანი ფიგურაა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დიდი სიყვარულით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში. მან 2012 წელს შემოიკრიბა მოსახლეობის უმრავლესობა და დაამარცხა ქვეყნის მტრები, ის „გლობალური ომის პარტია“, რაც წარმოდგენილია საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მან თავისი მტკიცე ხასიათით აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოს ინტერესები, ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღეს ვისაც ებრძვიან ბიძინა ივანიშვილია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, „ევროპის სახალხო პარტია“ „ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დააწესოს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს ძირს უთხრის“.