კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა, ეს იქნება ჩვენი შემაჯამებელი შეხვედრა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა, ეს იქნება ჩვენი შემაჯამებელი შეხვედრა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში

დარწმუნებული ვარ, ხვალინდელ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა, ეს იქნება ჩვენი შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც მოსახლეობას წარვუდგენ ჩემს გეგმებს, როგორ წარმომიდგენია ქალაქის განვითარება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ხვალინდელ აქციას რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. ეს იქნება ჩვენი შემაჯამებელი შეხვედრა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, რომ თბილისს წარვუდგინო ჩემი გეგმები, ხედვები, თუ როგორ წარმომიდგენია ქალაქის განვითარება, რა პროექტები უნდა განვახორციელოთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, სუფთა, მწვანე და ჯანსაღი. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა მხარდასაჭერად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, იხარჯება თუ არა თანხები ხვალინდელი აქციისთვის, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იხარჯება გარკვეული თანხები.

„გარკვეული თანხები იხარჯება. როდესაც ადამიანები მოდიან, რა თქმა უნდა, ვუხდით თანხას, ეს არის კვების საფასური. ოფიციალურად ხდება ყველაფერი, დამალული არაფერი არ არის. ასე რომ, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მოვიდეს. თქვენ მიზანმიმართულად ცდილობთ, თითქოს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ უფლება მოსვლის, მათაც აქვთ უფლება. შეგიძლიათ, მობრძანდეთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მობილიზებაც გააკეთოთ, გამოიყენოთ შვებულებები. რაც შეიძლება მეტი ადამიანი მობრძანდით ხვალ. ადამიანი როცა მოგვყავს, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ კვებას. ამას პარტია აკეთებს და ეს არის ოფიციალური ხარჯები. ყველაფერი შეგიძლიათ, ნახოთ. იმაზე ნაკლები ჯდება აქციის ჩატარება, რაც დაუჯდა „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.