კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას და ოლიმპიადიდან მედლებით დავბრუნდებით
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას და ოლიმპიადიდან მედლებით დავბრუნდებით

თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური და პარაოლიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიალს დაესწრო და ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.

„პირველ რიგში, მინდა, წარმატებები გისურვოთ. ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, ძალიან კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი. ვიცი, რამხელა დატვირთვა და როგორი შეგრძნებაა. გულწრფელად მინდა, წარმატებები გისურვოთ. თქვენ მარტო არ ხართ, იცოდეთ, რომ თქვენ უკან დგას სრულიად საქართველო. ეს ოლიმპიადა განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება, რადგან, გულშემატკივრები არ იქნებიან დაშვებულები და მესმის, რამდენად რთულია გულშემატკივრის გარეშე ასპარეზობა, მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, საქართველოდან გეყოლებათ ძალიან ბევრი გულშემატკივარი, სრულიად საქართველო. მე დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ დიდ გამარჯვებას და დავბრუნდებით მედლებით. ჩვენ გვყავს გამორჩეული სპორტსმენები თქვენი სახით, წლების განმავლობაში ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწიეთ. დავიტრაბახებ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მედალი მივიღეთ. ასეთი რამ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში არ ყოფილა და ეს თქვენი დამსახურებაა. მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს წინა თაობის სპორტსმენებს, წარმატებულ ადამიანებს, რომლებსაც მთელი ჩემი ბავშვობა ვუყურებდით, ვგულშემატკივრობდით და ჩვენი სტიმულები იყვნენ. დღეს თქვენ შემოგცქერით ჩვენი მომავალი თაობები, ახალგაზრდები და დარწმუნებული ვარ, თქვენი წარმატებები იქნება მათთვის დამატებითი სტიმული, რათა ისინიც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულები იყვნენ“,- განაცხადა კახა კალაძემ.