კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, 27 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა და დააფიქსირებს მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ ვეტყვით არას ძალადობას, ბოროტებას, ცილისწამებას
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, 27 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა და დააფიქსირებს მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ ვეტყვით არას ძალადობას, ბოროტებას, ცილისწამებას

თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ 27 ოქტომბერს ბევრი ადამიანი მივა თავისუფლების მოედანზე და დააფიქსირებს „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერას.

მისივე თქმით, 27 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ეტყვიან არას ძალადობას, სიძულვილის ენას, ბოროტებას, ცილისწამებას.

„საარჩევნო კამპანიის დახურვაა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა და დააფიქსირებს მხარდაჭერას, თანადგომას. თავიანთი ყოფნით, კიდევ ერთხელ ვეტყვით არას ძალადობას, სიძულვილის ენას, ბოროტებას, ცილისწამებას, რაც, სამწუხაროდ, ყოველდღიურობაში შემოგვეჩვია და ეს ძალიან ცუდია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რათა ეს ყველაფერი დავასრულოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, რომ „ბიძინა ივანიშვილს სთხოვეს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლა“, – კალაძის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის და ცხადია, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ და ვერ გააკეთებს. ტყუილია, სიცრუეა, საიდან იგონებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძე ამბობს, რომ 30 ოქტომბერს ყველა ერთად გაიმარჯვებს, რათა გაგრძელდეს აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა.

„ვაგრძელებ ჩემს საარჩევნო კამპანიას, პოზიტიურ კამპანიას, რომელიც ჯერ კიდევ პირველი ტურიდან მოყოლებული მაქვს. ყოველდღიურად ვესაუბრები ამომრჩეველს, მაქვს სხვადასხვა ტიპის შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, რომ 30 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ, რათა ამ ქალაქში გაგრძელდეს აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 27 ოქტომბერს 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართება.