კახა კალაძე და გიორგი გახარია სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან
კახა კალაძე და გიორგი გახარია სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან

თბილისის ახლად არჩეული მერი, კახა კალაძე, ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის მიზანია, კერძო სექტორის ინფორმირება იმ ცვლილებებზე, რომელიც მთავრობის 2006 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებაში შევიდა, რაც ტექნიკურ რეგლამენტში – „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში“ ახალი რეგულაციების ამოქმედებას გულისხმობს.

ახალი ცვლილებები მშენებლობის პროცესში საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უფრო მეტი დაცვისკენ არის მიმართული და შენობებში ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვას, ასევე მეხანძრე-მაშველებისა და საგანგებო ვითარების დროს მაშველების უსაფრთხოებას ითვალისწინებს.

ახალი რეგულაციები სამშენებლო ბიზნესში დასაქმებულ კომპანიებთან, სფეროს სპეციალისტებთან და არქიტექტორებთან კონსულტაციებისა განხილვების შედეგად შემუშავდა.

დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ახალარჩეულ მერთან შეხვედრას გამოიყენებენ იმისთვისაც, რომ მშენებლობების ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებული რთული ბიუროკრატიული პროცედურების შესახებაც ისაუბრონ.