კახა კალაძე – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას

18:56, 03.11.2026

რაც არ უნდა ეცადოთ ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ, რადგან ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას, — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გარშემო გავრცელებულ ბრალდებები უსაფუძვლოა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება სრულიად ღიად მუშაობს, ხოლო სამარხების გათხრაში მონაწილე პირებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო არის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ უწყება მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, სუფთად და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას. მე გუშინაც ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით და სტატისტიკაც მოვიყვანე, გასული წლის განმავლობაში რამდენი ცხოველი მოკვდა. ამას ემატება ევთანაზია, ასევე ფაქტები, როდესაც ცხოველებს ავტომობილები ეჯახება. ეს ყველაფერი შემოდის სააგენტოში და ჩვენი თანამშრომლები ვალდებულები არიან, დაშავებულ ცხოველებს დაეხმარონ. გარდა ამისა, გვაქვს შესაბამისი სერვისი, როდესაც ვეხმარებით სხვადასხვა ვეტერინარულ კლინიკას“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყველა შესაბამისი ქმედება შეფასდება.

„გამოძიება, რა თქმა უნდა, ეხება ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, მათ აუცილებლად დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. გარწმუნებთ ამაში. რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, რა თქმა უნდა, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ, იმიტომ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გამჭვირვალედ და ემსახურება ცხოველების კეთილდღეობას“, — აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ თავშესაფრის ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლის წესებზეც გაამახვილა ყურადღება.

„იმ რამდენიმე ადამიანის, რომელიც იქ იმყოფებოდა, როგორ შეიძლება სადმე შეშვება, არათუ ცხოველთა მონიტორინგში? ყველაზე არ მაქვს საუბარი, თუმცა ხუთი-ექვსი ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. არსებობს კანონი, წესები და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, დაემორჩილოს ამ ყველაფერს“, — განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი