კახა კალაძე - ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა აყვანილი, მაგრამ არეულობის შემოტანის სურვილი თუ იქნება, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება
კახა კალაძე - ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა აყვანილი, მაგრამ არეულობის შემოტანის სურვილი თუ იქნება, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა აყვანილი, მაგრამ არეულობის შემოტანის სურვილი თუ იქნება, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

„მინდა, რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო უპასუხისმგებლო ოპოზიციური პარტიების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 31-ში აქვთ სურვილი, გარკვეული აქციები მოაწყონ. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის მაქსიმალურად დაცული და უმაღლეს დონეზეა აყვანილი.

ყველა ადამიანს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, აქვს შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ფორმით გამოხატოს შეხედულება, მათ შორის მოაწყოს მიტინგები.

მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კანონის ფარგლებში. მე კიდევ ერთხელ მინდა, გავაფრთხილო ყველა, თუკი იქნება რაიმე გადაცდომა, თუკი იქნება რაიმე სურვილი არეულობის შემოტანისა ქვეყანაში, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი მხრიდან კანონის ფარგლებში ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.