კახა კალაძე - ჩვენს დედაქალაქს უამრავი სირთულე გადაულახავს და შემდგომში ასეთად ჩაითვლება 2020 წელიც, როდესაც კორონავირუსთან დაპირისპირება მოუწია
კახა კალაძე - ჩვენს დედაქალაქს უამრავი სირთულე გადაულახავს და შემდგომში ასეთად ჩაითვლება 2020 წელიც, როდესაც კორონავირუსთან დაპირისპირება მოუწია

თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოში ანგარიშით წარდგა და თბილისელებს მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, 2020 წლის მთავარი გამოწვევა დედაქალაქისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, პანდემიასთან გამკლავება იყო.

„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებულ ფორმატში გვიწევს სხდომის ჩატარება. მთავრობის ყველა წევრი ვერ ესწრება დღევანდელ სხდომას არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ზოგადად იმ რეგულაციების გათვალისწინებით, რომელიც რეკომენდებულია დარგის სპეციალისტების მიერ.

ჩვენს დედაქალაქზე ზრუნვა ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია საქმეა. პირადად ჩემთვის, თითოეული გაკეთებული საქმე, რომელიც თბილისის განვითარებას, თბილისის გალამაზებას, აქ მცხოვრები ადამიანების გახარებას ემსახურება, დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, როდესაც ადამიანებისგან იღებ ნდობას, რომ დედაქალაქი მართო და მასზე იზრუნო და უკეთესი გახადო. ეს ქალაქი ყველას საერთო საკუთრებაა და ყველანი ვართ პასუხისმგებელი, რომ ქალაქში არსებული მდიდარი მემკვიდრეობა მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ, ქალაქში არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და მომავალ თაობებს განვითარებული, წარმატებული ქალაქი დავუტოვოთ.

თბილისელებმა ჩვენს გუნდს სწორედ იმიტომ გამოუცხადეს ნდობა, რომ თბილისის და თბილისელების წინაშე არსებული გამოწვევები დავძლიოთ. ეს კი, ჩვენი გუნდის აზრით, იმ შვიდი ძირითადი პოლიტიკის განხორციელების შედეგად მიიღწევა, რომელიც ჩვენს პროგრამაში იყო გაწერილი, ჯერ კიდევ 2017 წელს, წინასაარჩევნოდ. რა თქმა უნდა, ამ შვიდ პოლიტიკაში ასახული იყო დედაქალაქის ყველა ძირითადი პრობლემური მიმართულებები. ყველა ამ მიმართულებით მუშაობა, გამოწვევებზე ღირსეული პასუხი და პრობლემების მოგვარება მოგვცემს იმას, რომ თბილისი იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი.

იმ დღიდან მოყოლებული, რაც ჩვენმა გუნდმა თბილისის მუნიციპალიტეტი ჩაიბარა, ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. ამასთან დაკავშირებით, მე, როგორც ქალაქის მერი, ვალდებული ვარ, ანგარიში ჩავაბარო საზოგადოებას და საკრებულოს.

ჩვენ დღეს აქ თბილისელებისთვის ერთ-ერთ მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე სამსჯელოდ შევიკრიბეთ. ჩვენს დედაქალაქს უამრავი სირთულე ახსოვს და გადაულახავს. ალბათ ერთ-ერთ ასეთად ჩაითვლება შემდგომში 2020 წელიც. როგორც მთელ მსოფლიოს, ასევე საქართველოს და რასაკვირველია, თბილისსაც კორონავირუსთან დაპირისპირება მოუწია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ სირთულეებს ემოციურიც დაერთო.

„ძალიან ძნელი იყო ამხელა ქალაქის შეგუება ახალ რეალობასთან. ძალიან ძნელი იყო იმ დაწყებული პროექტების შეჩერება და სახეცვლილება, რაც დაგეგმილი გვქონდა და რაც დავპირდით თბილისელებს. ქალაქი თითქმის მთელი წელი ცხოვრობს სხვადასხვა სახის შეზღუდვების პირობებში; ქალაქი თითქმის მთელი წელი იყო დინამიური პოლიტიკური პროცესების შუაგულში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, როგორც ქალაქის მერმა: ვალდებული ვარ, მიუხედავად ყველაფრისა, აღებული პასუხისმგებლობა თითოეული ჩემი თანამოქალაქის წინაშე, მუნიციპალიტეტის წინაშე და კანონის წინაშე აღვასრულო.

ვერანაირი გამონაკლისის დაშვება, არანაირი გადადებული საქმეები, ვერც სხვადასხვა მიზეზებზე ისრების გადატანა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისას არ და ვერ მოხდება. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენ ვართ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მთავარი სცენა, იმიტომ, რომ ჩვენი დედაქალაქი არის საქართველოს გული, საქართველოს გონება და ქვეყნის ცხოვრების რიტმის განმსაზღვრელი. ჩვენ ყველამ ერთად კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რამხელა სამუშაო გვაქვს წინ, რამხელა გამოწვევების წინაშე ვდგავართ თითოეული ჩვენი გადაწყვეტილებით და რამდენად ანგარიშვალდებული ვართ, არა მარტო თბილისელების, არამედ ქვეყნის წინაშე.

რაც შეეხება წლევანდელ წელს, ჩვენ ძალიან მასშტაბურ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებდით, თუმცა მსოფლიოს თავს დაატყდა პანდემია, რომელიც ყველაზე ძვირფასს, ადამიანების სიცოცხლეს დაემუქრა და ამასთან ერთად, ვირუსს საკმაოდ მძიმე გლობალური ნეგატიური ეკონომიკური პროცესები მოჰყვა თან, რაც საქართველოზეც აისახა. მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ჩვენ ვეცადეთ, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა შვიდი ძირითადი პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, ხოლო მეორე მხრივ, გადაგვედგა ის ნაბიჯები, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ეკონომიკური კუთხით არსებული გამოწვევების ადეკვატური პასუხი იქნებოდა. სახელმწიფომ, მთავრობამ და მათ შორის, თბილისი მერიამ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“, – აღნიშნა კახა კალაძემ მისასალმებელ სიტყვაში.