კახა კალაძე - ჩვენმა გუნდმა გაკეთებული საქმეებით დაამტკიცა, რომ არის ერთადერთი რეალური ძალა, რომელსაც შეუძლია, გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს
კახა კალაძე - ჩვენმა გუნდმა გაკეთებული საქმეებით დაამტკიცა, რომ არის ერთადერთი რეალური ძალა, რომელსაც შეუძლია, გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს

ჩვენმა გუნდმა გაკეთებული საქმეებითა და ყველა წინა არჩევნების შედეგით დაამტკიცა, რომ პოლიტიკურ ველზე არის ერთადერთი რეალური ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს, შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კახიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება.

„2012 წლიდან ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები და რეფორმები განვახორციელეთ. არ შემიძლია, არ შევეხო რამდენიმე თემას: ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო ჯანდაცვის სექტორში, თუმცა განხორციელებული რეფორმებით ჩვენ მივიღეთ ის, რომ ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომია; უამრავი ოპერაცია იქნა დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან; უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე. ასევე, მინდა გამოვყო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ის ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა ჰქონდათ, დღეს ჯანმრთელები არიან. არ შემიძლია, არ შევეხო სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, მნიშვნელოვანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის არსებული პროგრამები, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა და ეს რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია განათლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ სამომავლოდ განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს, რომ მათი განათლება ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ. მომდევნო წლებში ეს პროგრამები გაგრძელდება.

მე, როგორც თბილისის მერს, არ შემიძლია არ აღვნიშნო დედაქალაქში განხორციელებული სამუშაოები, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. ეს ყველაფერი მხარდაჭერის და თანადგომის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. რომ არა ცენტრალური ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა და თანადგომა, შეუძლებელი იქნებოდა ამხელა რესურსების მობილიზება და იმ მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელსაც ჩვენ ქალაქის ყველა რაიონში, ყველა უბანში ვახორციელებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველგან გავაკეთოთ და მოვაწესრიგოთ ყველაფერი და დედაქალაქში არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ. ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება, რომ ქალაქი უნდა იყოს მოწესრიგებული, გამწვანებული, გამართული ინფრასტრუქტურით, კეთილმოწყობილი, მომდევნო წლების განმავლობაშიც იქნება პრიორიტეტი.

ქართული სახელმწიფო განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს და იმ საძირკველზე, რასაც 2012 წლის შემდეგ საფუძველი ჩავუყარეთ, ახალი ენერგიით, ახალი ძალებით შევუდგეთ დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებასა და ეკონომიკის, თითოეული ოჯახის გაძლიერებას“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ძლიერი ეკონომიკა, განათლებული და სტაბილური საქართველო არის წინაპირობა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ერთიან ევროპულ ოჯახში კუთვნილი, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს.

„რა თქმა უნდა, ამ მიზნის მისაღწევად გვჭირდება მომავლის ხედვა და კონკრეტული პროექტების განხორციელება, რასაც ჩვენი საარჩევნო პროგრამა ზუსტად ეხმიანება და პასუხობს. ჯერ კიდევ ბევრი მიმართულებაა გასაძლიერებელი, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია სოციალურად შეჭირვებულ მდგომარეობაში, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა და სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება, თუმცა თუკი თვალს გადაავლებთ ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღწეულ შედეგებს, ნახავთ, რომ ეტაპობრივად ყველა პრობლემის დაძლევა შეგვიძლია.

დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში, რომელიც უკვე კარს მოგვადგა, აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ რეალურად პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ის ძალა, რომელსაც აქვს ქვეყნის განვითარების ხედვა, აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ უპასუხოს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და სწრაფად მოაგვაროს ის პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ და და ეს არ იქნება რომელიმე კონკრეტული მაჟორიტარის, კონკრეტული პარტიის „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს გამარჯვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი