კახა კალაძე - ჩვენი ვალია, გამოვიჩინოთ ზრუნვა ხანდაზმულ მოქალაქეებზე, რომლებიც ვირუსის გავრცელების კუთხით, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან
კახა კალაძე - ჩვენი ვალია, გამოვიჩინოთ ზრუნვა ხანდაზმულ მოქალაქეებზე, რომლებიც ვირუსის გავრცელების კუთხით, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან

ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი ჰუმანურია, როგორი სოლიდარულია ჩვენი საზოგადოება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„დღეს ჩემ გვერდით არიან გოგონები – ოთხი მარიამი, რომლებმაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შექმნეს საინიციატივო ჯგუფი – „დავეხმაროთ მოხუცებს“ და მეგობრების, თანამოაზრეების ჩართულობით, უმოკლეს დროში შეძლეს თბილისში მცხოვრები 600-მდე ხანდაზმული ადამიანისთვის შეეძინათ პროდუქტი, მედიკამენტები, ჰიგიენის საშუალებები. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი ჰუმანურია, როგორი სოლიდარულია ჩვენი საზოგადოება. მინდა, ამ ლამაზ გოგონებს, ასევე თითოეული ზარის ავტორს, თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარი წვლილი გაიღო სხვათა დასახმარებლად, ვუთხრა გულითადი მადლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ რესურსი, რომელიც ბიზნესში და მოსახლეობაში არსებობს, უპირველესად, რაციონალურად და სწორად გამოვიყენოთ.

„ასეთ რთულ პერიოდში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ზრუნვას და ყურადღებას საჭიროებენ. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, მაქსიმალური ზრუნვა გამოვიჩინოთ ხანდაზმულ მოქალაქეებზე, რომლებიც ვირუსის გავრცელების კუთხით, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის ფორმდება მემორანდუმი, რომლის თანახმად, მოხალისეები, რომელთაც ერთობლივად დავატრენინგებთ, ხანდაზმულ მოქალაქეებს გარკვეული პერიოდულობით, ამანათებს მიუტანენ. პირველ ეტაპზე, შემუშავდება ამანათების ფორმა, რომელიც საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და მედიკამენტებს მოიცავს. ჩვენი მარტოხელა ხანდაზმული მოქალაქეები, მოხალისეების საშუალებით, ამანათებს მიიღებენ, რათა მათ შინიდან გასვლა არ მოუწიოთ. ასევე, სადაც ამის საშუალება იქნება, მოხალისეები მათ ნაცვლად გავლენ შინიდან და გარკვეულ საბაზისო საჭიროებებს მოუგვარებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით,  რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ამანათები წესების სრული დაცვით იქნება დაფასოებული.

„ასევე, შემუშავდება მედიკამენტების სტანდარტული პაკეტი და ყველას – იქნებიან ეს ბიზნესის წარმომადგენლები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვისაც ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეების დახმარების სურვილი ექნებათ, სწორედ მსგავსი პაკეტებით უნდა დაგვეხმარონ. პირველ ეტაპზე, ჩვენს დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მოხუცები, რომლებიც მერიის ცხელ ხაზზე უნდა დარეგისტრირდნენ – 2 72 22 22. ასევე, უკვე არსებობს 2 500-მდე ხანდაზმულის სია, რომლებიც ჩვენს დახმარებას მიიღებენ. თბილისის ათივე რაიონის გამგეობა მუშაობს სიების დაზუსტებაზე და ჩვენ უყურადღებოდ არცერთ ხანდაზმულ მოქალაქეს არ დავტოვებთ. რაც მთავარია, მოხალისეები, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებენ, იქნებიან დაცული და შესაბამისად აღჭურვილი. წითელი ჯვრის დახმარებით, მოხდება მათი გადამზადება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ყველა იმ ღონისძიების დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. ასევე, ექნებათ სრული მხარდაჭერა და თანადგომა, რათა იყვნენ სრულად მომზადებული, რომ არ დააზიანონ საკუთარი თავი და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს სწორად რეალიზებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა ქმედება უნდა იყოს კვალიფიციური და ეს რესურსი სწორად, რაციონალურად გამოყენებული, რათა ხანდაზმულებს შინიდან გამოსვლა არ მოუწიოთ.

„კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწოდოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ დარგის სპეციალისტების, ექსპერტების რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. მართალია, დღეს ყველას რთული დღეები გვაქვს, მთელი მსოფლიო ცხოვრობს სტრესის ქვეშ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი მაგალითით, თავიანთი ქმედებით, იმედით და სიყვარულით გვივსებენ გარემოს. მას შემდეგ, რაც მოხალისეებისა და დახმარების მსურველთა რეგისტრაცია დავიწყეთ, არაერთი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ძირითადად გვირეკავენ არა დახმარების მიღების სურვილით, არამედ პირიქით – გვთავაზობენ დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.