კახა კალაძე - ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია
არასდროს ჩვენი უცხოელი პარტიორებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მათ შორის, არც გუშინ. არ არსებობს ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
დედაქალაქის მერს კახა კალაძეს გუშინ ჟურნალისტებმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის განცხადების შეფასება სთხოვეს, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. კალაძემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ ასეთი თანამდებობის, თანაშემწის მოადგილის შესახებ არაფერი იცის. „თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც დღეს კახა კალაძემ განაცხადა, გუშინდელი კომენტარის პრობლემა ის იყო, რომ კონკრეტული თანამდებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
„მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია და თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელიმე უცხოელ მეგობარს მივაყენე შეურაცხყოფა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. გუშინდელი ჩემი რეპლიკა არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის დაკონკრეტების ნაწილში. მე არ ვიცოდი ეს თანამდებობა, თორემ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.