კახა კალაძე - ჩვენ შესაძლოა, ვიყოთ სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგრამ ყველამ გაითვალისწინოს, რომ გვაქვს ერთი სამშობლო
კახა კალაძე - ჩვენ შესაძლოა, ვიყოთ სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგრამ ყველამ გაითვალისწინოს, რომ გვაქვს ერთი სამშობლო

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ყველა მოქალაქეს, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ისე საპროტესტოდ განწყობილ მოქალაქეებს მიმართავს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ქვეყნისა და კანონის წინაშე მაქსიმალური პასუხისმგებლობით იმოქმედონ.

ამასთან, კალაძე მადლობას უხდის სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით შეძლეს.

„პირველ რიგში, მინდა მივმართო თითოეულ ადამიანს – როგორც ჩვენს მხარდამჭერებს, ისე საპროტესტოდ განწყობილ მოქალაქეებს. გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ქვეყნისა და კანონის წინაშე. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით.

მეგობრებო, ჩვენ შესაძლოა გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, შეიძლება წარმოვადგენდეთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, ვიყოთ სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგრამ მინდა, ყველამ გაითვალისწინოს ერთი რამ, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს. არავისთვის არ არის სასიამოვნო საყურებელი არც ის, როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს მომიტინგეები, როგორ ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ცესკოს შენობაში შეჭრას, და არც ისაა სასიამოვნო, რომ პოლიცია იძულებული ხდება, მომიტინგეთა თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს. ეს არ არის სურათი, რომლის ხილვაც სურს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომლებმაც პანდემიის პირობებში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირეს თავიანთი პოლიტიკური პოზიცია. ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, მილიონამდე ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა ნდობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით მთავრობას „ქართული ოცნება“ დააკომპლექტებს.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიებს, ნუ აყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ კონკრეტული საარჩევნო უბნების მონაცემებთან მიმართებით ლეგიტიმური პრეტენზია აქვს, მოვუწოდებთ ყველას, დესტრუქციული ქმედებებით ნუ შეაფერხებენ მათსავე საჩივრების საფუძველზე მიმდინარე ხმების გადათვლის პროცესს, არამედ მიყვნენ სამართლებრივ პროცედურებს, ამ გზით შეეცადონ საკუთარი პოზიციის დაცვას და მოემზადონ არჩევნების მეორე ტურისთვის. ამავეს მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ ქართველი ხალხის ნება უზენაესია და რომ მილიონამდე ადამიანის არჩევანს ვერავინ შეცვლის საპროტესტო აქციებით; ჩვენ უნდა მივეჩვიოთ საკუთარი მიზნების სამართლებრივი გზებით მიღწევას. სხვაგვარად, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ შევქმნით; სხვაგვარად, თანამედროვე საზოგადოებად ვერ შევდგებით. ნიშანდობლივია, რომ გუშინ მომხდარ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ოპოზიციის მხოლოდ რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, რომელთაც ქვეყანაში სიტუაციის ესკალაცია სურთ. დასაფასებელია იმ პარტიების პოზიცია, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, ბოლომდე შეინარჩუნეს პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი ფორმა და არ მიიღეს მონაწილეობა ცესკოზე მიტანილ ძალადობრივ შტურმში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ აყვებიან რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ რეჟიმს და მოემზადონ მეორე ტურისთვის. დესტრუქციით და სიტუაციის ესკალაციის მცდელობით ვერავინ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.