კახა კალაძე - ჩვენ საქმე უნდა ვაკეთოთ, მაგრამ დეზინფორმაციას აუცილებლად სჭირდება რეაგირება
კახა კალაძე - ჩვენ საქმე უნდა ვაკეთოთ, მაგრამ დეზინფორმაციას აუცილებლად სჭირდება რეაგირება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, მისი თქმით, „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებმა ქარტიის ორი პრინციპი დაარღვიეს: პირველი, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს და მე-11, რომლის თანახმადაც, ფაქტის განზრახ დამახინჯება უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევა.

„მათ წინააღმდეგ ქარტიას დავით მახარაშვილმა მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს, საინფორმაციო გადაცემა „კურიერში“, კახა კალაძის ბრიფინგიდან ინფორმაცია არასწორად გაავრცელეს. 16 ნოემბერს წინასაარჩევნო პერიოდი იყო, საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვიყავით და მე ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გავმართე. ინფორმაცია არასწორად იყო გავრცელებული „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მხრიდან. ისე წარმოაჩინეს თითქოს, თბილისის მერი ქართველ სამხედროებს 2008 წლის ომში თანამებრძოლების ცხედრების მიტოვებაში ადანაშაულებდა. განმცხადებლის თქმით, მსგავსი რამ კახა კალაძეს არ უთქვამს. ამის დასტურად კი, ბრიფინგის სრული ვერსია წარმოადგინა. ქარტიის საბჭომ მსჯელობის შემდეგ დაადგინა როგორც სიზუსტის დარღვევა, ისე ფაქტის განზრახ დამახინჯება. ეს არის ის, რაზეც ყოველ მთავრობის სხდომაზე მიწევს საუბარი. ეს არის პასუხი იმ სიცრუეზე, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული ფაქტების დამახინჯება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის არასწორად მიწოდება მიზანმიმართულად ხდება.

„მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენს მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ამავდროულად, მინდა, მოვუწოდო ყველა სახელმწიფო სტრუქტურას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის არც ერთი ტყუილი არ დატოვონ ყურადღების მიღმა. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვაკეთოთ საქმე, უნდა ვიფიქროთ მომავალზე, განსახორციელებელ პროექტებზე, მაგრამ ამავდროულად, სიცრუეს, დეზინფორმაციას შესაბამისი რეაგირება და პასუხის გაცემა აუცილებლად სჭირდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.