კახა კალაძე - ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა
კახა კალაძე - ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა

ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე თბილისის მერიაში ცოტა ხნის წინ მივიდა. მას ყოფილი მერი დავით ნარმანია დახვდა.

„დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად კარგად მაქვს გათვითცნობიერებული რამხელა პასუხისმგებლობაა, რამდენი მაქვს სამუშაო და შესაბამისად, გუნდთან ერთად, ამ ხალხთან ერთად ჩვენ შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია“,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის ახალი მერი საკუთარ გუნდს დღეს, 15:00 საათზე წარადგენს.

„15:00 საათისთვის წარმოგიდგენთ მოადგილეებს. ძალიან დიდი ინტერესია საზოგადოებაში. სამსახურის ხელმძღვანელების ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მინდა დიდი წარმატება ვუსურვო მერიას, დარწმუნებული ვარ, მართლა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა 12 ნოემბერს მოხდა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობისთანავე, ავტომატურად, უფლებამოსილება შეუწყდათ მოქმედი მერს, მერის მოადგილეებს, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და რაიონების გამგებლებს. შესაბამისად ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად დაიწყებს.

„საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს გამოქვეყნდა, შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ახლად არჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა მოხდება 12 ნოემბერს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ავტომატურად მოქმედი მერის, მერის მოადგილეების, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და რაიონების გამგებლების უფლებამოსილებების შეწყვეტას გულისხმობს.

მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.