კახა კალაძე - ჭავჭავაძის გამზირზე ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია, ის ყველასთვის საჩვენებელი ქუჩა იქნება
კახა კალაძე - ჭავჭავაძის გამზირზე ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია, ის ყველასთვის საჩვენებელი ქუჩა იქნება

ჭავჭავაძის გამზირზე ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია და ის ყველასთვის საჩვენებელი ქუჩა იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.

„ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ფუნდამენტურ რეაბილიტაციას საჭიროებს. მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, ეს ქუჩა მძიმე მდგომარეობაშია და ვინც ავტომობილით გადაადგილდება, დაკვირვებულია, როგორი ჩავარდნებია კონკრეტულ ადგილებზე. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქუჩა მთლიანად მოწესრიგდეს. პირველი ეტაპი ეს არის – მიწისქვეშა კომუნიკაციების მთლიანად გამოცვლა, მოასფალტება, ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარების მოწყობა-გალამაზება, დამატებითი მწვანე სივრცეების შექმნა, ახალი სანათების განთავსება თავისი ლედ-ნათურებით, სანაგვე ურნების მიწის ქვემოთ ჩატანა და სეპარირება“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ჭავჭავაძის გამზირის მთლიანად გადაკეტვა არ მოხდა, რადგან შესაძლოა ამას ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოეწვია და ამიტომ სამუშაოები ეტაპებად დაიყო.

„პირველ ეტაპზე ვარაზისხევის ამოსასვლელიდან ატენის ქუჩამდე იქნება გადაკეტილი და წარიმართება სამუშაოები. პარალელურად, ეტაპობრივად მივყვებით; ანალოგიური სამუშაოები მთელ გამზირზე განხორციელდება და გზების გადაკეტვაც ეტაპობრივად მოხდება, რომ მთლიანად ქალაქი არ გავაჩეროთ“, – განაცხადა კალაძემ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა სახის პრევენციულ ზომებს მიმართავს დედაქალაქის მერია, რომ მიმდებარე ქუჩებზე საცობების წარმოქმნის რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია შედგა და მოქალაქეებს მიეწოდათ ინფორმაცია, თუ რა მარშრუტებით იქნება შესაძლებელი გადაადგილება.

„ცხადია, გზის გადაკეტვა გარკვეულ დისკომფორტს ყველა შემთხვევაში შექმნის, მაგრამ ეს ყველამ უნდა მოვითმინოთ, რადგან ამის გარეშე სამუშაოების შესრულება უბრალოდ შეუძლებელია. მეც საჭესთან ვზივარ და არც მე მსიამოვნებს საცობები რომ არის. თავადაც ხშირად გამოვთქვამ უკმაყოფილებას. თუმცა, როდესაც კარგი საქმე კეთდება, უნდა მოვითმინოთ“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, ხოლო ვადებს რაც შეეხება, „არავინ იცის, მიწისქვეშ რეალურად რა ხდება და ამიტომ, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს“ არ გააჩნია ზუსტი ინფორმაცია, რა სახის სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რადგან მას შემდეგ, რაც გამზირი დაიქსელა, რეალური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. თუმცა, ყველაფერი გაკეთდება, რომ სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს”.

მერმა ასევე განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია.

„ეს ყველაფერი ბიუჯეტში არის აღწერილი. დღეს თბილისის ბიუჯეტი მილიარდზე მეტია და ასეთი მაღალი ბიუჯეტი დედაქალაქს არასდროს ჰქონია“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გუშინდელმა წვიმამ და სეტყვამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქუჩების რეაბილიტაციისას მოხდეს მიწისქვეშა კომუნიკაციების მთლიანად გამოცვლა – საკანალიზაციო, სანიაღვრე და წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგება.

„უფრო მარტივი და სწრაფი იქნებოდა მხოლოდ ასფალტის აღება და შემდეგ თავიდან მოასფალტება, მაგრამ ეს ნახევრად გაკეთებული საქმე იქნებოდა. გვაქვს ბევრი შემთხვევა, როდესაც ასეთი პროექტები ხორციელდებოდა და ათი დღის თუ ორი კვირის შემდეგ თავს იჩენდა ფუნდამენტური პრობლემები; ხდებოდა ისევ გადათხრა, რაც სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევდა უპირველესად მოსახლეობაში და რა თქმა უნდა, ხარჯების თვალსაზრისით გაუაზრებელი იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.