კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებით ყველანაირი წინაპირობა შექმნა, რომ გურია მეტად განვითარდეს
კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედებით ყველანაირი წინაპირობა შექმნა, რომ გურია მეტად განვითარდეს

ჩვენი ლამაზი ქვეყნის თითოეული კუთხის შვილმა კარგად იცის, რომ იშვიათად შეხვდება ადამიანი თქვენსავით ლაღ, ნათელ, სუფთა ბუნების, ენამოსწრებულ და გულმხურვალე ხალხს, – ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მოქალაქეებს ოზურგეთში, სადაც მმართველმა გუნდმა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე წარადგინა.

კალაძის თქმითვე, გურიის რეგიონში განსაკუთრებულად თავისუფლებისმოყვარე ხალხი ცხოვრობს და საქართველოს ბევრი საამაყო გურული წინაპარი ჰყავს.

„ამასთანავე, შეუძლებელია სიამაყით არ აივსო იმის გაცნობიერებისას, რომ აქ, ამ მხარეში, განსაკუთრებით თავისუფლებისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. მეტწილად სწორედ ამ კუთხის შვილები იყვნენ თქვენი და ჩვენი საამაყო წინაპრები, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, მივიღეთ დროშა, ჰიმნი და იმ დროისთვის მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და პროგრესული კონსტიტუცია. ამ მხარეში ყველაზე მკაფიოდ არის გამოხატული ადამიანის ინდივიდუალიზმი, რომელიც ქმნის გურულ, ყველასგან განსხვავებულ და საინტერესო პოლიფონიას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ 2012 წლის შემდეგ რეგიონში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველანაირი წინაპირობა შექმნა იმისთვის, რომ გურია მეტად განვითარდეს.

ასევე, როგორც კალაძემ აღნიშნა, წარმატებების მიუხედავად, რეგიონში კვლავ რჩება გამოწვევები, რაც დროულად უნდა მოგვარდეს.

„2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რეგიონში განხორციელდა უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობისა თუ ეკონომიკის ხელშემწყობი პროექტები. გურიაში ყოფნისას, რასაკვირველია, შეუძლებელია განსაკუთრებით არ აღვნიშნოთ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ამ მხარისადმი, რომელიც ნათლად გამოიხატება თუნდაც მხოლოდ იმ ფაქტით, რომ მან, საკუთარი ქველმოქმედებით და გააზრებული, მიზანმიმართული ნაბიჯებით, ყველანაირი წინაპირობა შექმნა იმისთვის, რომ გურია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო განვითარდეს. მიღებული ეკონომიკური სარგებელი კი თითოეულმა ადგილობრივმა საკუთარ თავსა და ოჯახზე იგრძნოს. ამ ყველაფერთან ერთად, ბუნებრივია, ჩვენ წინაშე კვლავაც რჩება გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც თითოეულ თქვენგანს აწუხებს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ როგორც დღემდე, 2012 წლიდან მოყოლებული, ერთმანეთის მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდიგვერდ დგომით ყველა ეს გამოწვევა დროულად იქნება მოგვარებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.