კახა კალაძე – ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას მივესალმები, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს

18:51, 03.11.2026

თბილისის მერი კახა კალაძე ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავს ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია, წლებია, მიმდინარეობს.

„ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ, უკვე წლებია, მიმდინარეობს მსგავსი ტიპის ბინძური კამპანიები, მიმდინარეობს ძალიან ბევრი ცილისწამება. ჯერ კიდევ 2011 წლიდან, ვიდრე 2012 წელს არჩევნებს მოვიგებდით, ამ ოჯახის წინააღმდეგ ყველაფერი იკადრეს, თუ რაიმე შეიძლებოდა. დღესაც გრძელდება ცილისწამება და სიბინძურე. მივესალმები, რა თქმა უნდა, იმ ფაქტს, რომ ადვოკატმა შეიტანა სარჩელი, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს. ეს არ არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. როდესაც ადამიანზე საუბრობ და ამბობ კონკრეტულ რაღაცებს, ამის მტკიცებულებაც უნდა გქონდეს. ჩვენთან მიჩვეული არიან ტელევიზიები, რომ ყოველგვარი არგუმენტების, მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს რაღაცებს აბრალებენ, შემდეგ კი შენ უნდა გამოხვიდე და ამტკიცო, რომ მართალი ხარ“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელება დაუშვებელია და საზოგადოებამ საკუთარი სიმართლე სასამართლოში უნდა დაიცვას.

„ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მეც მქონდა შემთხვევა, მაგალითად, ტელეკომპანია „პირველს” როდესაც მოვუგე სასამართლოში და მგონია, რომ ყველამ იგივე უნდა გააკეთოს. როდესაც ადამიანების წინააღმდეგ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რა თქმა უნდა, უნდა მიმართონ სასამართლოს“, — აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი