კახა კალაძე - ბაგა-ბაღებში გადასახადის შესაძლო დაწესების საკითხზე კონსულტაციები გაიმართება
კახა კალაძე - ბაგა-ბაღებში გადასახადის შესაძლო დაწესების საკითხზე კონსულტაციები გაიმართება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ბაგა-ბაღებში გადასახადის შესაძლო დაწესების საკითხზე კონსულტაციები გაიმართება და კონკრეტული გეგმა საზოგადოებისთვის ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ასე გამოეხმაურა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო გამოსვლას, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა ბაღში გადასახადის შესაძლო დაწესების საკითხზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, შესაძლოა, სოციალური დახმარებების სქემებიც გადაიხედოს, რადგან ისინი უკვე მოძველებულია.

„ზოგადად, სოციალურად დაუცველთა მიმართულებითაც გასატარებელია რეფორმა, მოძველდა ის აუცილებელი სტატუსი, რაც არის და, ვფიქრობ, გადახედვა სჭირდება, ყველაფერი უნდა დავიწყოთ ბავშვებიდან, პატარებიდან, მათგან ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს დახმარება და თანადგომა. სახელმწიფო ძალიან ბევრს ფულს ხარჯავს და აუცილებელია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ საბავშვო ბაღების მიმართულებით გარკვეული კორექტირების შეტანა აუცილებელია.

პრემიერის თქმით, ოჯახებმა, რომელთაც საშუალება აქვთ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ჯერ არის მხოლოდ იდეა, რომელიც დამუშავებას საჭიროებს.