კახა კალაძე – ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა
ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა სემეკ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რაც 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვას შეეხებოდა.
კალაძის თქმით, ყოველთვის, ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს მსგავსი შემთხვევა, მთავარი დროული რეაგირებაა.
„გავიხსენებ, როცა ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მთელ საქართველოს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რაც უკავშირდებოდა „იმერეთის“ 500-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზს. ამ ტიპის შემთხვევები ყველგან ხდება, მათ შორის ევროპულ ქალაქებშიც. სამწუხაროა, თუმცა კარგია, რომ დროულად მოხდა შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა. როგორც სემეკ-ში განაცხადეს, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებული აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან, სსე-ს უნდა ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის.