კახა კალაძე - აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, ვინც მოუწოდებდა ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს პარლამენტის შტურმისკენ
კახა კალაძე - აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, ვინც მოუწოდებდა ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს პარლამენტის შტურმისკენ

აუცილებლად პასუხი უნდა აგოს დამნაშავემ, ვინც მოუწოდებდა ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს პარლამენტში შტურმისკენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა ჟურნალისტებს კითხვაზე, იყო თუ არა გიორგი გახარიას გადაყენებაზე საუბარი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუშინ.

კალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

„არ ყოფილა ამაზე საუბარი გუშინ. ჩემი აზრი არის ის, რომ აუცილებლად პასუხი უნდა აგოს დამნაშავეებმა, ვინც მოუწოდებდა ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს პარლამენტში შტურმისკენ. ცხადია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით ის განცხადებები, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა და ყველასთვის ცნობილია, პირდაპირ მოუწოდებდა ხელისუფლების დამხობისკენ. სამწუხაროა, რაც მოხდა, ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ, ბევრი დაზიანებებით ახალგაზრდები. ძალიან მძიმე სურათი იყო. თუ არის ძალის გადამეტების შემთხვევები, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს ყველა ადამიანი, თუ იყო ცალკეული შემთხვევები, ვრცელდება კონკრეტული კადრები. გარდა ამისა, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, თუ ადამიანებს აქვთ კადრები, დამატებით აუცილებლად უნდა მიაწოდონ ეს შესაბამის სამსახურებს“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საუკეთესო გამოსავალი დიალოგია.

„ჩვენ იმდენად ბევრი რთული პერიოდი გვაქვს გამოვლილი, ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს ამ კუთხით და საუკეთესო გამოსავალი, რა თქმა უნდა, ეხება კონსტრუქციულ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც ფიქრობს ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალზე, ვისაც უნდა, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, საუკეთესო გამოსავალი არის დიალოგი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი