კახა კალაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მეტყველებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მეტყველებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, – განუცხადა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
„მთავარი ამ განცხადებაში იყო ის, რომ დადებითად აფასებენ რეფორმას, რომელიც იყო განხორციელებული სასამართლოს მიმართულებით. ძალიან დადებითად აფასებენ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიის თვალსაზრისით, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ისინი რეალურად ხედავენ და აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე დადებით მოვლენებს.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, არის გამოწვევებიც.
„ყველაფერი საუკეთესო არც ერთ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში არ არის. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ.
ჩემთვის გაზეთებში შეკვეთილი სტატიები და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები საინტერესო არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ოფიციალური განცხადება, რომელიც გუშინ გაკეთდა, სადაც დადებითად არის შეფასებული ის რეფორმები, რომლებიც ბოლო წლების და თვეების განმავლობაში გატარდა.
ის მინიშნებები, რაც იყო პროკურატურასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველაფერი იქნება გამოსწორებული, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმ დადებით განცხადებებს, რომელიც იყო გაკეთებული თუნდაც სასამართლო რეფორმის მიმართულებით და იმ დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღების თვალსაზრისით, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით 2012 წლის მერე ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“.