კახა კალაძე - არცერთი ქვეყანა, რომელიც აფინანსებს არასამთავრობოებს, ერთ თეთრს არ გასცემს ისეთი პროექტებისთვის, რომელთა მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაა
კახა კალაძე - არცერთი ქვეყანა, რომელიც აფინანსებს არასამთავრობოებს, ერთ თეთრს არ გასცემს ისეთი პროექტებისთვის, რომელთა მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არცერთი ქვეყანა, რომელიც აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ერთ თეთრს არ გასცემს ისეთი პროექტებისთვის, რომელთა მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაა.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის საელჩოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად გამოცხადებულ კონკურსში „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ გამარჯვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქემ შექმნა, პირობითად, არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი ინტერესი არის ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება, პატრიოტიზმის გაღრმავება და ამ საკითხებთან დაკავშირებით აქვს სურვილი, რომ მიიღოს გრანტი. მერწმუნეთ, არცერთი ის ორგანიზაცია, არცერთი ის ქვეყანა, რომელიც აფინანსებს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ ტიპის პროექტებისთვის ერთ თეთრს არ გასცემს. მათი მთავარი მიზანია და ამოცანაა, რომ ქვეყანაში გააღვივონ დაპირისპირება, დააპირისპირონ ერთმანეთთან მოქალაქეები, მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალებები, დააფინანსონ ტრენინგები და შეფუთონ ეს ისე, ვითომ არის მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის. სინამდვილეში, ნახა საზოგადოებამ, რაზე მიდიოდა საუბარი და როგორ უხსნიდნენ ადამიანებს, როგორ ატრენინგებდნენ, რომ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება.

ეს არის მარტივი მოცემულობა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გადადგამს ნაბიჯებს, რომ დაიცვას ქვეყნის ინტერესები და არავის მისცემს შესაძლებლობას, მით უმეტეს, გარედან, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.