კახა კალაძე - არცერთი ცნობილი ადამიანი არ გამოსულა და არ დაუგმია წუხანდელი ვანდალიზმის, ძალადობის ფაქტები, რაც სამწუხარო რეალობაა
კახა კალაძე - არცერთი ცნობილი ადამიანი არ გამოსულა და არ დაუგმია წუხანდელი ვანდალიზმის, ძალადობის ფაქტები, რაც სამწუხარო რეალობაა

გუშინ ჩვენ ძალადობრივი აქცია და ძალიან მძიმე ფაქტები ვიხილეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შეფასებისას მედიასთან განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მომხდარ ფაქტებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება, რომელმაც ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმა.

„წუხანდელი ფაქტები ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. ისინი არ შეიძლება, გამოეყონ აღნიშნულ მოვლენებს. რაც ხდებოდა, მათი პატრონების მიერ იყო დაგეგმილი. გუშინ ჩვენ ძალადობრივი აქცია და ძალიან მძიმე ფაქტები ვიხილეთ – ვანდალიზმი, ინფრასტრუქტურის დაზიანება. ვერ წარმომიდგენია, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და ქალაქი, რომ ასეთი რამ მოიმოქმედო. თუმცა, ცხადია, ყველა ასეთ დანაშაულს გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონის ფარგლებში. ყველაფერი არის იგივე, როდესაც ახალგაზრდების რეკრუტირება ხდებოდა აკერმანის წიგნის საშუალებით. მე გაჩვენებთ ფოტოს, სადაც სიძე-დედოფალი ერთმანეთს ეხუტება და კოცნის. ეს არის კიევი, მაიდნის რევოლუციის დროს გადაღებული ფოტო, ვითომ ქორწილის ამსახველი. ალბათ გახსოვთ კადრები, რამდენიმე დღის წინ დადგმული სპექტაკლი, როდესაც სიძე-პატარძალი აქციაზე მივიდა. ეს არის იგივე მეთოდები. ისევ იქ არიან ჩარჩენილი და მიყვებიან აკერმანს საფლავში. ვისაც უნდა, გაჰყვეს, გზა ხსნილია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, გუშინდელი ვანდალიზმის აქცია არცერთ მსახიობს, მომღერალს თუ სპორტსმენს არ დაუგმია, რაც სამწუხარო რეალობაა.

„ამ აქციაზე ზოგი მართლა გულწრფელია, ზოგმა არ იცის, რასთან გვაქვს საქმე. ასეა თუ ისე, ყველა ამ ქვეყნის შვილები არიან და მათზეც უნდა ვიზრუნოთ. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი გავამყაროთ და ასე გავხდეთ ევროკავშირის წევრი. რა თქმა უნდა, ვზრუნავთ და მომავალშიც ვიზრუნებთ ამ ახალგაზრდებსა და მათ მომავალზე. დარწმუნებული ვარ, ბევრი გულწრფელი და გონიერი ადამიანი მიხვდება და იტყვის, რომ შეცდომა დაუშვეს. ვაკვირდებოდი და არ მინახავს არცერთი მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენი, მწვრთნელი გამოსულიყო და დაეგმო ის ძალადობა და ვანდალიზმი, რაც თბილისის ქუჩებში ხდებოდა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.