კახა კალაძე - არ ვიცნობ გავრცელებული ჩანაწერების დეტალებს, არც ინტერესი მაქვს, გულწრფელად
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ არ იცნობს გავრცელებულ ჩანაწერებს და არც ინტერესი აქვს.
„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვსაუბრობ მხოლოდ თბილისზე, ქალაქში განსახორციელებელ პროექტებზე და არსებულ გამოწვევებზე. არ ვიცნობ ამ ჩანაწერების დეტალებს, არც ინტერესი მაქვს, გულწრფელად, რადგანაც ვარ წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ყოველდღიურად მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა მოსახლეობასთან და სასაუბროც ძალიან ბევრი მაქვს არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე, როგორ ვხედავ ქალაქის განვითარებასა და თბილისს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. შესაბამისმა სამსახურებმა დღეს გააკეთეს ამასთან დაკავშირებით განცხადებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.