კახა კალაძე - არ გამოვრიცხავთ, უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალებმა სცადონ პროვოკაციების მოწყობა, როგორც სჩვევიათ არჩევნების წინ, ყველას გთხოვთ, მაქსიმალური სიმშვიდე შევინარჩუნოთ
კახა კალაძე - არ გამოვრიცხავთ, უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალებმა სცადონ პროვოკაციების მოწყობა, როგორც სჩვევიათ არჩევნების წინ, ყველას გთხოვთ, მაქსიმალური სიმშვიდე შევინარჩუნოთ

თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე არჩევნებამდე სამი დღით ადრე მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნონ.

კალაძის თქმით, არ არის გამორიცხული, კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა გარკვეული პროვოკაციების მოწყობა სცადონ. კახა კალაძემ მხარდამჭერებს თხოვნით მიმართა, პროვოკაციებს არ აყვნენ.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს ნაძალადევის რაიონიდან მივმართო. ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა სამი დღე. მინდა, ყველას გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური სიმშვიდე. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ უპასუხისმგებლო, კონკრეტული პოლიტიკური ძალები შეეცადონ, მოაწყონ გარკვეული პროვოკაციები, როგორც მათ სჩვევიათ ყველა არჩევნების წინ. მინდა, გთხოვოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ავყვეთ პროვოკაციებს. პირიქით, მშვიდად, დინჯად, როგორც ეს ჩვევია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, ჩვენს მხარდამჭერებს, აი,ზუსტად ასე სიმშვიდით უნდა გავიმარჯვოთ 31 ოქტომბერს. თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს იქნება მხოლოდ ჩვენი პარტიული გამარჯვება ან კონკრეტული კანდიდატის გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს გამარჯვება“, – განაცხადა კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას მათი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი წარუდგინა.