კახა კალაძე - აქციის დაშლა არ იგეგმებოდა, არც მომხდარა, ეს იყო მოგერიება
კახა კალაძე - აქციის დაშლა არ იგეგმებოდა, არც მომხდარა, ეს იყო მოგერიება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აქციის დაშლა არ იგეგმებოდა, არც მომხდარა და ეს იყო მოგერიება.

კალაძის თქმით, აქცია მიმდინარეობდა მშვიდობიანად, რასაც მოჰყვა პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს.

ჟურნალისტების დაინტერესდნენ, ჰქონდათ თუ არა გუნდში ინფორმაცია, რომ აქციის დაშლა იგეგმებოდა. კალაძემ აღნიშნა, რომ ინფორმაცია საზოგადოებას დამახინჯებულად არ უნდა მიეწოდოს.

„აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა, ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი პოლიციაზე, შტურმი პარლამენტის შენობაზე. ხომ გვახსოვს, როგორ განვითარდა მოვლენები. ახლა თქვენ თუ არ გინდათ, რომ არ დაინახოთ, ეს რეალურად რა იყო და როგორ იყო, სხვა თემაა. მაგრამ საზოგადოება ამას ხედავს და არ მივცემთ არავის იმის შესაძლებლობას, რომ ფაქტი, რომელიც მოხდა, დამახინჯებულად, არასწორად მიაწოდოს მოსახლეობას, ეს მიუღებელია. ჩვენ შეგვიძლია, გავყვეთ ქრონოლოგიურად, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რატომ დაიწყო შეტევა, რომელიც განცხადებების მერე დაიწყო, ვისი მოწოდებების შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი, თქვენ მიერ არის გადაღებული და საზოგადოებამ არაერთხელ იხილა“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.