კახა კალაძე - ამერიკასთან ვიზალიბერალიზაციას, თავისუფალ ვაჭრობას, პირდაპირ ფრენებს მხოლოდ მივესალმებით, როგორ შეიძლება, შეაჩერო ეს, მაგრამ საქართველოს ინტერესები არაფერში გაიცვლება
კახა კალაძე - ამერიკასთან ვიზალიბერალიზაციას, თავისუფალ ვაჭრობას, პირდაპირ ფრენებს მხოლოდ მივესალმებით, როგორ შეიძლება, შეაჩერო ეს, მაგრამ საქართველოს ინტერესები არაფერში გაიცვლება

მხოლოდ მივესალმებით, თუ მოხდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა ჩვენს ქვეყანასთან, პირდაპირი ფრენები. ასევე მნიშვნელოვანია, გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუ ეს დამოკიდებულება იქნება, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, მაშინ გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც არ დადგება დღის წესრიგში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველოს ინტერესები არაფერზე გაიცვლება.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ  გახდა გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება აუცილებელი.

„ამ დღეებში ვნახეთ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ გაიწვევს გამჭვირვალობის შესახებ კანონს და არ მიიღებს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, დასკვნები თქვენთვის მომინდვია, მე კი, ჩემი მხრივ, პირობას გაძლევთ, რომ საქართველოს ინტერესები არაფერში გაიცვლება.

გამჭვირვალობის კანონის შესახებ გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მიღებული იქნა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ დავაკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის მცდელობა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის. ყველამ კარგად ვიცით, საიდან ფინანსდებიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. ესენი არიან დასავლეთის სხვადასხვა ორგანიზაციების, სახელმწიფოების მხრიდან დაფინანსებული. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომ ეს ყველაფერი იქნეს შეჩერებული. ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, საიდან ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება დასავლეთიდან შემოსული თანხები. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ – მტერი.

როდესაც გვეუბნებიან, რომ მზად ვართ ვიზალიბერალიზაციისთვის, პირდაპირი ფრენებისთვის, თავისუფალი ვაჭრობისთვის ამერიკასთან, ამას მხოლოდ მივესალმებით და როგორ შეიძლება, ადამიანმა შეაჩეროს ეს ყველაფერი. ჩვენ მხოლოდ მოხარული ვიქნებით, თუ აშშ გადადგამს ამ ნაბიჯს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არა მექსიკიდან მოუწევთ შესვლა და მექსიკაში რამდენიმე დღის, კვირების განმავლობაში ციხეებში ყოფნა, არამედ ისეთივე ურთიერთობა ექნებათ ჩვენს ქვეყანასთან, როგორიც აქვთ განვითარებულ ქვეყნებთან. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუ მოხდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა ჩვენს ქვეყანასთან, პირდაპირი ფრენები. ასევე მნიშვნელოვანია, გაიხსნას მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუ ეს დამოკიდებულება იქნება და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, მაშინ, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც, საჭიროებაც არ დადგება დღის წესრიგში.

მისასალმებელია, თუ ეს ნაბიჯები გადაიდგმება, დავინახავთ მეგობრულ ურთიერთობებს და არა მტრობას, რაც კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. მტრობაა, როცა დასავლეთი აფინანსებს რევოლუციურ სცენარს, მტრობაა, როცა დასავლეთი ახდენს სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლარიზაციაში. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, მეგობრები. საქართველო რომ საიმედო პარტნიორია, ეს არაერთხელ იქნა დადასტურებული, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმეებით. ახლაც მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, დამოკიდებულება. ეს არის ქართველი ხალხის განწყობა, მაგრამ მიუღებელია ისეთი დამოკიდებულება, რომ ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს, გაგვაკეთებინოს ისეთი რამ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ჰყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი. საქართველოს შეეშვან და თავი დაანებონ. ჩვენ ომიც გამოგვივლია და ყველაფერი გაგვიკეთებია დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოპოვებისთვის. საბჭოთა კავშირი როცა იშლებოდა, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც გამოვიდა ხალხი და გააკეთა თავისი გასაკეთებელი. სხვა ქვეყნებმაც გადადგან ნაბიჯი და გააკეთონ თავიანთი გასაკეთებელი. არაერთი ომი გამოგვივლია და საერთაშორისო მისიებში მიგვიღია მონაწილეობა, არაფერზე უკან არ დაგვიხევია, მაგრამ ის დამოკიდებულება, რასაც ბოლო დღეების, თვეების განმავლობაში ვხედავთ, არ არის მეგობრობა, ჯანსაღი ურთიერთობები. ამას სხვა სახელი ჰქვია და ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ხედავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, „საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს“.