კახა კალაძე - ამ ხელმოწერით გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ და დემოკრატიამ
ამ ხელმოწერით გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ, გაიმარჯვა დემოკრატიამ, ქვეყნის განვითარებამ, – ამ სიტყვებით შეაფასა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიების ნაწილისა და „ქართული ოცნების“ მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა.
კახა კალაძემ შეთანხმების მიღწევის პროცესში ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩართულობისთვის. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო, რომ შეთანხმება მიღწეულიყო. იყო კომპრომისები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად პოლიტიკაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის პრობლემები, რაც არსებობს ქვეყანაში, გამოწვევები, ძალიან სწრაფად იყოს დაძლეული. პასუხისმგებლობას რაც შეეხება, მმართველი პარტია ყოველთვის ამბობდა და გამოხატავდა მზადყოფნას, მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობაზე, კომპრომისზე წასვლაზე, რომ გარკვეული შეთანხმება მომხდარიყო და საბოლოოდ ეს შეთანხმება შედგა.
ამის შემდეგ გარკვეული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები პარლამენტში გააგრძელებენ მუშაობას, პარლამენტში გაგრძელდება პოლემიკა, დებატები, რაც მნიშვნელოვანია განვითარებული დემოკრატიული ქვეყნისთვის. ამით საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა პოლიტიკური პარტიებისგან, თუ ვის აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობს ბევრი პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური ლიდერი, ვისაც აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს. ცხადია, ყველას ერთნაირი მოსაზრება ვერ ექნება სხვადასხვა თემაზე, შესაბამისად, დებატები და პოლემიკა მნიშვნელოვანია“, – განცხადა კახა კალაძემ.