კახა კალაძე - ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა პროტესტის მონაწილე ახალგაზრდები, რომლებიც ნეიტრალური იყვნენ, ცდილობდნენ, მათ გამიჯნოდნენ
კახა კალაძე - ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა პროტესტის მონაწილე ახალგაზრდები, რომლებიც ნეიტრალური იყვნენ, ცდილობდნენ, მათ გამიჯნოდნენ

კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა, მაგრამ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც ამ ადამიანებს არ უშვებდნენ ტრიბუნასთან და მიკროფონთან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მიზნებს ეხებოდა.

„რაც შეეხება ახალგაზრდებს, ბევრი მათგანი არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით პრემიერმაც ისაუბრა. იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ფარისევლობდნენ, საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებოდნენ, თუმცა, რეალურად, ვიცით მათი წარსული, ვიცით, რას წარმოადგენენ ისინი. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც არანაირ კავშირში არაა არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან და მათ ჰქონდათ თავიანთი გულისწყრომა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით.

ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როდესაც ამ ადამიანებს არ უშვებდნენ ტრიბუნასთან და მიკროფონთან. ახალგაზრდებსაც ჰქონდათ იმის მცდელობა, არ ყოფილიყვნენ გამოყენებული. მხედველობაში მაქვს ის ახალგაზრდები, რომლებიც მართლაც ნეიტრალურები არიან და არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდნენ, თუმცა იქ ასევე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩისა“ და სხვა პარტიების წარმომადგენელი ახალგაზრდებიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.