კახა კალაძე აცხადებს, რომ სიახლე არ იქნება და 2020 წელს არჩევნები არსებული, ხოლო 2024 წელს პროპორციული სისტემით ჩატარდება
კახა კალაძე აცხადებს, რომ სიახლე არ იქნება და 2020 წელს არჩევნები არსებული, ხოლო 2024 წელს პროპორციული სისტემით ჩატარდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სიახლე არ იქნება და 2020 წელს არჩევნები არსებული, ხოლო 2024 წელს პროპორციული სისტემით ჩატარდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აზრთა სხვადასხვაობა არის, არის დაპირისპირება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, არიან ადამიანები, რომლებიც მომხრე არიან მხოლოდ მაჟორიტარულის. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული, არსებული საარჩევნო სისტემით და 2024 წელს იქნება პროპორციულით. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუნდმა მიიღო, კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდა და ახლა კიდევ რაღაც სიახლის შემოტანა არ მოხდება, თან როდესაც არ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილებები განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, მაჟორიტარები კატეგორიულად ხომ არ ითხოვენ საარჩევნო სისტემის შეცვლას და წინააღმდეგ შემთხვევაში, ხომ არ აცხადებენ, რომ პარტიას დატოვებენ, კალაძემ განაცხადა: „მუქარები იყო გაჟღერებული ამასთან დაკავშირებით, თუმცა დაველოდოთ, გუნდში მიმდინარეობს შეხვედრები და კონსულტაციები. მე ბოლო შეხვედრას გარკვეული მიზეზების გამო არ ვესწრებოდი“.