კახა კალაძე – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადება გაუგებარია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაუგებარს უწოდებს ცალკეული ოპოზიცური ძალების მხრიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადებას.
როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, არსებობს შესაბამისი საარქივო მასალები, რომლებიც პასუხს სცემენ აღნიშნულ საკითხს.
„ეს გაუგებარია. გადავხედოთ, როდის ხდებოდა სამძიმარზე მისვლა ომის თარიღის აღნიშვნისას, ამოვიღოთ არქივიდან მასალები, სადაც ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს იყო 8 აგვისტო. ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ჰკითხოთ, რატომ შეცვალეს თარიღი. ისტორიას ვერავინ გადაწერს, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. მე გთხოვთ, ამოიღოთ კონკრეტული საარქივო ვიდეომასალები, სადაც არსებობს ფაქტები და მტკიცებულებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არსებობს რეზოლუცია, რაზეც აქვთ ხელი მოწერილი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ასევე, აღნიშნა, რომ მაშინდელი ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ომის დაწყება ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს დაბრალდა.
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს იყო მოღალატეობრივი ქმედებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ომის დაწყება ქართულ სახელმწიფოს, ჯარს დაბრალდა და ეს პირდაპირ წერია. როდესაც შენ ხელს აწერ ამ ყველაფერზე, ეს წარმოუდგენელია. ზოგადად, ყველაფერი, რაც 2008 წლის ომთან არის დაკავშირებული, განპირობებულია იმ მოღალატეობრივი პოლიტიკით, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ახორციელებდა. რა თქმა უნდა, სისხლიანი რეჟიმის ყველა ქმედება იყო გარედან თავსმოხვეული. სამწუხაროდ, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი, მტრული საქმიანობა დღესაც გრძელდება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.