კახა კახიშვილი - უნდა არსებობდეს მექანიზმი, მაჟორიტარმა დეპუტატმა შეასრულოს საკუთარი უფლებამოსილება ისე, რომ მოსახლეობის პრობლემები დროულად მოგვარდეს
კახა კახიშვილი - უნდა არსებობდეს მექანიზმი, მაჟორიტარმა დეპუტატმა შეასრულოს საკუთარი უფლებამოსილება ისე, რომ მოსახლეობის პრობლემები დროულად მოგვარდეს

საქართველოს პარლამენტში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს მოსახლეობის პრობლემებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმი უნდა ჰქონდეთ.

კახიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაბამისი საბჭოს შექმნის აუცილებლობაზე, რომლის შესახებაც ინიციატივით ის მიმდინარე წლის 30 მარტს გამოვიდა.

„რამდენიმე სესიის წინ გთხოვეთ, უმრავლესობის ფორმატში გვესაუბრა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელიც მაჟორიტარებთან იქნება პირდაპირ კონტაქტზე, რათა საკითხები, რომლებიც მომდინარეობს მოსახლეობიდან შეხვედრების შედეგად, დროულად და ოპერატიულად ყოფილიყო გადაჭრილი. ფაქტობრივად, ჩვენ ერთი მხრივ, შევკვეცეთ მაჟორიტარების რაოდენობა. რამდენადაც ვიცი, ახლა აპირებთ თვითმმართველობის არჩევნებზეც ამის შეკვეცას. მეორე მხრივ, პასუხისმგებლობა მაჟორიტარებზე უფრო მეტია, შესაბამისად, რაღაც მექანიზმი უნდა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ მაჟორიტარმა შეძლოს და შეასრულოს საკუთარი უფლებამოსილება ისე, რომ უბრალოდ კითხვები არ იყოს მოსახლეობის მხრიდან“, – განაცხადა დეპუტატმა.

კახა კახიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართა, თუ შესაძლებელია, აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრა დროულად დაინიშნოს.

„უხერხულია, როდესაც ადამიანი გხვდება, გთხოვს რაღაცას და შემდგომში, ამ საკითხის გარკვევისთვის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან იქმნება პრობლემა. მაჟორიტარებს აღარც ფრაქცია აქვთ და აღარც არაფერი. ამავდროულად, პასუხისმგებლობა ორმაგია, შესაბამისად, არანაირი მექანიზმი, რათა დროულად გადაიჭრას ჩვენი მეშვეობით ის პრობლემური საკითხები, რომელიც დგას მოსახლეობის წინაშე, არ არსებობს და საქართველოს პარლამენტში ამაზე არ ვფიქრობთ. ამ საკითხის დაყენებიდან რამდენიმე კვირა გავიდა და სამწუხაროდ, დღემდე ყველაფერი გაჩერებულია. კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, იქნებ დროულად შევთანხმდეთ შეხვედრაზე, რათა მაჟორიტარებს ჰქონდეთ საშუალება აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის“, – განაცხადა დეპუტატმა.

დეპუტატის თქმით, მას პირადი საკითხების მოსაგვარებლად არავინ შეუწუხებია, მოქალაქეთა პრობლემების მოსაგვარებლად კი ითხოვს, პასუხები დროული და შედეგიანი იყოს.

„პირად საკითხებზე არავინ არაფერზე რეკავს. თუ დამირეკავს და მითხოვია, არაფერი პირად ან ჩემი ოჯახის საკითხზე. ვრეკავ და ვთხოვ კონკრეტულად ადამიანების გაჭირვების გამო. შესაბამისად, ვითხოვ, რომ პასუხები იყოს დროული, ოპერატიული და შედეგიანი“, – განაცხადა კახა კახიშვილმა პარლამენტის სესიაზე.

დატოვე კომენტარი