კახა კახიშვილი - ქმედითი უნდა გახდეს რეგულირების ორგანო, დროში გაიწეროს, რა ვადებში უნდა განიხილოს სასამართლოში ნებისმიერი დავა, რომელიც ადამიანის შეურაცხყოფას, სახელსა და ღირსებას ეხება
კახა კახიშვილი - ქმედითი უნდა გახდეს რეგულირების ორგანო, დროში გაიწეროს, რა ვადებში უნდა განიხილოს სასამართლოში ნებისმიერი დავა, რომელიც ადამიანის შეურაცხყოფას, სახელსა და ღირსებას ეხება

დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ უფროს ქმედითი უნდა გახდეს რეგულირების ორგანო, დროში გაწერილი უნდა იყოს, რა ვადებში უნდა განიხილონ საჩივრები და სასამართლოში ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება ადამიანის შეურაცხყოფას, სახელსა და ღირსებას.

როგორც კახა კახიშვილმა აღნიშნა, რეგლამენტირებული უნდა იყოს საჩივრის განხილვის ვადები და განხილვები ხუთი წლის შემდეგ არ უნდა ხდებოდეს, როცა უკვე საკითხს აქტუალობა აქვს დაკარგული.

„პოლიტიკის გამო, იქამდე მივედით, რომ მე ვიღაცას ვეზიზღები და პოლიტიკის გამო ვხდები თავდასხმის ობიექტი. ვერ ვხდები ზოგიერთი ტელეკომპანიის ჩემდამი ინტერესს. ჯერ იყო და სიუჟეტი გააკეთეს, თითქოსდა მე არჩევნები მოვიგე ვინმე ალიკა მინასიანის მეშვეობით, რომელმაც თითქოსდა დამიბარა მეტრომშენში და გაირკვა, რომ 10 კაცსაც არ იცნობს მისასიანი. მეორე კვირას გააკეთეს სიუჟეტი, თითქოს მინესიანს ისე ვუყვარვარ, ჩემი ბანერი წაიღო სახლში, დედაჩემს არ წაუღია ჩემი ბანერი, ის რატომ წაიღებდა. ჩემი თვითმიზანი არ არის ტელევიზიებთან ბრძოლა, ჩემი თვითმიზანი არის რეგულაციები და უბრალოდ პატივისცემა ერთმანეთის. ერთი სიუჟეტი გააკეთეს ქორწილზე, რომელშიც მე არ ვყოფილვარ, არანაირი კავშირი არ მაქვს, არც მეფეს ვიცნობ, არც პატარძალს, თითქოს ჩემი გავლენებით ქორწილი გადაიხადეს პანდემიის დროს. რაღაცა სიუჟეტიდან ამოიღეს ავტომატიანი კაცი, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებშია ჩარჩენილი და მიაბეს ქორწილს, ნახეთო კახიშვილის ორგანიზებით, ქორწილი ჩატარდა და ეს ავტომატიანი კაცი მაყარში ისროდაო. გავარკვიე რომ ეს ავტომატიანი კაცი ქორწილში საერთოდ არ ყოფილა, ეს ყოფილა ერთ-ერთი ტელეკომოანიის მეპატრონის მეგობარი, რომელსაც დაურეკა და უთხრა, ნუ მღუპავო, ამის სახე დაბლარეს, ხელი და ავტომატი დატოვეს და ისევ კახიშვილს მიაწერეს. აი, რა სურათი მივიღეთ, ერთი გათხოვდა, მეორემ ცოლი მოიყვანა, მესამემ ავტომატი ისროლა, რესტორანმა ფული გააკეთა და ვინ არის შუაში? კახიშვილი, რომელიც ქორწილში საერთოდ არ ყოფილა და არც კავშირში არ არის“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისივე თქმით, ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელმაც იცის პროფესიის პატივისცემა და რომელიც ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის მუშაობს.

„ვიღაცას სამი კამერა რომ აქვს, მას შეუძლია, მე რაღაც დამაბრალოს, მე მას ჟურნალისტს ვერ ვარქმევ. ჩემი ინიციატივაა, უფრი ქმედითი გახდეს რეგულირების ორგანო, გახდეს დროში გაწერილი, რა დროში უნდა განიხილონ საჩივრები და სასამართლოში ნებისმიერი დავა, რომელიც ეხება ადამიანის შეურაცხყოფას, სახელსა და ღირსებას, რეგლამენტირებული იყოს მისი განხილვის ვადები რადგან, არ იყოს იმის განცდა, რომ დღეს შეტანილი სარჩელი განიხილება 5 წლის შემდეგ და საბოლოოდ აქტუალურობას დაკარგავს. ეს არის ინიციატივა და არა კანონპროექტი, რომელიც საჭიროებს განხილვას, მათ შორის ჟურნალისტებთანაც. განსახილველია, როგორ მოვაქციოთ ეს ჩარჩოში, რომ არც ერთი მხარის ინტერესი არ დაზარალდეს“, – განაცხადა კახიშვილმა.