კახა იმნაძე - საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ქალების უფლებები სისტემატურად ირღვევა
გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე გუშინ სიტყვით გამოვიდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ყოველწლიურ ღია დებატებზე სახელწოდებით „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის დანერგვის ხელშეწყობა და მშვიდობის შენარჩუნება ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების გზით“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა იმნაძე მიესალმა გენერალური მდივნისა და უშიშროების საბჭოს ძალისხმევებს, რომლებიც მიმართულია იმ სფეროებში ქალების მონაწილეობის გაზრდაზე, რომლებიც გავლენას ახდენენ საერთაშორისო მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე.
თავის განცხადებაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) მიღების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს უშიშროების საბჭოს 1325 (2000) რეზოლუციის იმპლემენტაციას, შემუშავებულია სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართული კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე და მოიცავს 2018-დან 2020 წლებამდე პერიოდს. გარდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგისა, გეგმა ასევე, მიმართულია კონფლიქტის მიერ დაზარალებული ქალების უფლებების დაცვაზე, მათი ფიზიკური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ქალების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის და ქალების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის გზით.
კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ძალისხმევისა, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მიერ, აფერხებს სამშვიდობო პროცესს და მძიმე პირობებს უქმნის საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ქალების უფლებები სისტემატურად ირღვევა. კახა იმნაძემ ასევე ისაუბრა რუსული ოკუპაციის ბოლო მსხვერპლზე, მაია ოთინაშვილზე, რომელიც საკუთარ მიწაზე სამეურნეო სამუშაოების შესრულების დროს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურვალეთიდან გაიტაცეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბრალი წაუყენეს ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის ხელშეწყობაში“. საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 10-დღიანი ინტენსიური ძალისხმევის შედეგად მოხერხდა მაია ოთინაშვილის განთავისუფლება და მისი ოჯახთან დაბრუნება. საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ოთინაშვილის მაგალითი არ არის ცალკეული საქმე, არამედ იმ ადამიანების ყოველდღიური რეალობა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ცხოვრობენ. მან ასევე აღნიშნა, რომ მთლიანობაში, 2015-2018 წლებში, რუსეთის ფსბ-ს ოფიცრებმა უკანონოდ 160 ქალი დააკავეს.
გამოსვლის დასასრულს კახა იმნაძემ მოუწოდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ყურადღების კიდევ უფრო მეტად გამახვილებისკენ, როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით კონფლიქტურ ადგილებში მცხოვრები ქალების უფლებების დაცვაზე.