კახა გვანცელაძე - პრემიერმა თავად აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღში გადასახადის დაწესება არის იდეა, რომელიც განხილვის პროცესშია
კახა გვანცელაძე - პრემიერმა თავად აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღში გადასახადის დაწესება არის იდეა, რომელიც განხილვის პროცესშია

თვითმმართველობის აღმასრულებელი რგოლი ვართ, შესაბამისად, რა საკანონმდებლო ცვლილებაც განხორციელდება, აღვასრულებთ ამ გადაწყვეტილებას, – ასე გამოეხმაურა თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსი კახა გვანცელაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო გამოსვლას, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა ბაღში გადასახადის შესაძლო დაწესების საკითხზე ისაუბრა.

კახა გვანცელაძე არ აკონკრეტებს, შედგა თუ აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია გიორგი კვირიკაშვილთან, რა ვერსიები განიხილება და როდიდან შეიძლება შევიდეს კანონში ცვლილება.

„პრემიერმა თავად აღნიშნა, რომ ეს არის იდეა, რომელიც განხილვის პროცესშია. ჩემს პოზიციას რაც შეეხება, თვითმმართველობის აღმასრულებელი რგოლი ვართ, შესაბამისად, რა საკანონმდებლო ცვლილებაც განხორციელდება, აღვასრულებთ ამ გადაწყვეტილებას. კანონი დგას ჩემს აზრზე მაღლა, აქედან გამომდინარე, რა ცვლილებებიც განხორციელდება კანონმდებლობაში, ჩვენ აღვასრულებთ.

რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, თანხები სხვადასხვა წელს სხვადასხვაა. თუმცა ბაღების მშენებლობა გათვალისწინებულია მომავალ წელსაც. ბაღების მშენებლობის კუთხით, თავისთავად ხარჯები იზრდება”- განაცხადა გვანცელაძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ საბავშვო ბაღების მიმართულებით გარკვეული კორექტირების შეტანა აუცილებელია.

პრემიერის თქმით, ოჯახებმა, რომელთაც საშუალება აქვთ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ჯერ არის მხოლოდ იდეა, რომელიც დამუშავებას საჭიროებს.