თბილისის საბავშვო ბაღებში პედაგოგების ხელფასების ზრდა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავების შემდეგ იგეგმება
თბილისის საბავშვო ბაღებში პედაგოგების ხელფასების ზრდა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავების შემდეგ იგეგმება

საბავშვო ბაღებში პედაგოგების ხელფასების ზრდაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ბაღებში პედაგოგთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემუშავდება.

ამის შესახებ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ თბილისის საკრებულოში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობასთან“ შეხვედრისას განაცხადა.

ოპოზიციის კითხვაზე, გაეზრდებათ თუ არა ბაღების პედაგოგებს ხელფასები, გვანცელაძემ განაცხადა, რომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

“მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ხელფასები, თუმცა მას შემდეგ რაც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შევიმუშავებთ, ამას უნდა მოყვეს ხელფასების ზრდა. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს პედაგოგის შეფასება და არა – გამოცდა. უნდა შეფასდეს ამა თუ იმ ადამიანის კვალიფიკაცია და ეს არ უნდა იყოს სტრესული. ამ შემთხვევაში არასტრესულ მეთოდს გამოვიყენებთ. ამავდროულად, უნდა შემოვიდეს ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია“, – განაცხადა კახა გვანცელაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია,  რომ პედაგოგებს შორის არ იყოს თანაბარი ანაზღაურება, ვინაიდან ზოგს განსხვავებული კვალიფიკაცია აქვს.

„ასევე უნდა ამაღლდეს დირექტორის კვალიფიკაციაც. თუმცა ეს პროცესები განხორციელდება მას შემდეგ, რაც გვექნება ადამიანური რესურსების მართვის გეგმა”, – განაცხადა გვანცელაძემ.