კახა გვანცელაძე – ბაგა-ბაღების ირგვლივ აჟიოტაჟი ხელოვნურადაა შექმნილი

16:57, 02.02.2018

ბაღების ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს უწოდებს. კახა გვანცელაძე ამბობს, რომ ბაღები არის ისეთი სისტემა, რომელსაც ბევრი დაინტერესებული მხარე ყავს და პრეტენზიები, რომელიც ისმის, ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოა.

სააგენტოს ხელმძღვანელი კვების საკითხში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც ბაღში საკვები აგვიანებს, თუმცა ეს მასიურად არ ხდება. რაც შეეხება კვების ტენდერს, გვანცელაძის განმარტებით, შპს ,,ნილმა’’ ტენდერების კომისიას ხარისხიანი პროდუქტი დაბალ ფასად შესთავაზა და კომპანიასთან ხელშეკრულება ამიტომ გაფორმდა.

,,მთავარი იყო ფასი რაც წარმოდგენილი იყო წინა ტენდერში და სწორედ ამ დაბალი ფასიდან გამომდინარე შეირჩა აღნიშნული კომპანია, თუმცა საკვები პროდუქტების ტექნიკური მახასიათებლები იგივე დარჩა. ერთეული შემთხვევები გვაქვს ხარვეზების კუთხით, საკვების დაგვიანებები ბაგა-ბაღებში, თუმცა ეს მასიური შემთხვევები არ არის. ჩვენ ვრეაგირებთ და მომავალშიც რეაგირებას მოვახდენთ ყველა დარღვევაზე და საჭიროების შემთხვევაში განვახორციელებთ საჯარიმო სანქციებს. დიდი სექტორია ბაღების მართვის სისტემა, დაინტერესებული მხარე ბევრია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ,  ეს კამპანია მართვადია და რეალურად აჟიოტაჟი შექმნილია ხელოვნურად”, – განაცხადა გვანცელაძემ.

 

მსგავსი