კახა გოგიჩაიშვილი - ერთა ლიგის წილისყრამ კარგ ჯგუფში მოგვახვედრა, მთავარია, დაცვის პრობლემები მოგვარდეს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლისთვის სჭირდება, რომ დაცვის პრობლემები მოგვარდეს და ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ – ამის შესახებ „ჯვაროსნების“ და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ნახევარმცველმა, კახა გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
„ერთა ლიგის B ლიგაში საკმაოდ მაღალი დონის ნაკრებებია და იოლ მეტოქეებს არც ველოდი. მაგრამ წილისყრამ კარგ ჯგუფში მოგვახვედრა. ვფიქრობ, სათამაშო კალენდარიც ნორმალურია.
მთავარია, თამაშებს საქართველოს ნაკრები მომზადებული შეხვდეს. ჩვენი გუნდის მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ფეხბურთელების ნაწილი კლუბებში არ თამაშობს და, შესაბამისად, სასურველ ფიზიკურ კონდიციებში არ არის. ამავე დროს, ბოლო შეხვედრებში გამოჩნდა, რომ დაცვაში ბევრი საფიქრალი გვაქვს.
სამივე მეტოქე – უკრაინაც, უნგრეთიც და ჩრდილოეთ ირლანდიაც ათლეტური და მორბენალი გუნდია. ამიტომ ნაკრების წევრებს უნდა ჰქონდეთ სათამაშო პრაქტიკა და კარგი ფიზიკური კონდიციები, სხვაგვარად წარმატებაზე ფიქრი არარეალური იქნება“, – ამბობს კახა გოგიჩაიშვილი პირველ არხთან ინტერვიუში.