კახა ცხადაძე ყაზახეთში დაბრუნდა - ქართველმა მწვრთნელმა პრემიერლიგის კლუბი ჩაიბარა #1TVSPORT
კახა ცხადაძე ყაზახეთში დაბრუნდა - ქართველმა მწვრთნელმა პრემიერლიგის კლუბი ჩაიბარა #1TVSPORT

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა და აქტაუს „კასპიის“ მთავარი მწვრთნელი გახდა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბ „კასპიის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ცნობილი ქართველი სპეციალისტი კახაბერ ცხადაძე გახდა. კონტრაქტის გაფორმებას ესწრებოდა ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იერბოლ ედილოვი. ვულოცავთ ჩვენს გუნდს ახალი მწვრთნელის დანიშვნას და ვუსურვებთ წარმატებებს“- წერია კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.

კახაბერ ცხადაძემ ამ პოსტზე ბულგარელი სპეციალისტი ნიკოლაი კოსტოვი შეცვალა. 54 წლის ქართველმა სპეციალისტმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ცხადაძეს ყაზახეთში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 2016-17 წლებში „ქაირათს“ წვრთნიდა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ქვეყნის სუპერთასი მოიგო და თასის ფინალში ითამაშა. 2018-20 წლებში კი შიმკენტის „ორდაბასის“ მთავარი მწვრთნელი იყო და გუნდი ევროპის ლიგაში გაიყვანა.

გასულ სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში „კასპიიმ” მეცხრე ადგილი დაიკავა – გუნდში თბილისის „ლოკომოტივისა“ და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი წევრი, 24 წლის რატი არდაზიშვილი თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადძე ბოლოს „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი იყო.