კახა ცხადაძე - უნდა ვისწავლოთ, შეცდომები გამოვასწოროთ და თამაში გავაუმჯობესოთ #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ „ლოკომოტივთან“ (2:1) თბილისური დერბი შეაფასა, რომელიც საქართველოს ვიცეჩემპიონმა დიმიტრი ანტილევსკისა და თორნიკე კირკიტაძის გოლებით მოიგო.
„ყველას დიდი სურვილი აქვს, რომ „დინამოსთან“ თავი გამოავლინოს. ამაზე ჩვენ თამაშამდე ვისაუბრეთ და ფსიქოლოგიურად ვემზადებოდით. ამიტომ მიმიმაჩნია, რომ პირველი ნახევარი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ. უბრალოდ, რა მომენტებიც შეიქმნა, უნდა გამოვიყენოთ. საიმედოობა მხოლოდ დაცვაში თამაში არაა, საიმედო არის ბოლო დარტყმა, რაც ჩვენ დაგვაკლდა. საჯარიმოში რამდენჯერ შევედით და ვერაფერი – ამიტომ საქმე თავად გავირთულეთ“, – ამბობს ცხადაძე.
მისი თქმით, „დინამოს“ სტანდარტულებზე ყურადღება მართებს:
„ფაქტია, რომ შარშანაც ბოლო მატჩში „ლოკომოტივმა“ გოლი სტანდარტულიდან გაგვიტანა და წელსაც იგივე პრობლემაა. ამ მხრივ ბევრი გვაქვს სამუშაო. თორემ მთელი თამაში მიგვყავდა, ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ დროულად გატანილი მეორე-მესამე გოლი დაგვაკლდა“.
ცხადაძე ამბობს, რომ „ლოკომოტივთან“ დაძაბული შეხვედრა გუნდს წაადგა:
„მიმაჩნია, რომ კარგია ასეთი თამაშები იმისთვის, რომ ფეხბურთელები გაიზარდონ. ჩვენთანაც და „ლოკომოტივში“ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო და ძალიან კარგი ხარისხის შეხვედრა გამოვიდა – მე თამაში მომეწონა, ვულოცავ „დინამოს“ გამარჯვებას. უნდა ვისწავლოთ, შეცდომები გამოვასწოროთ და თამაში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“.