კახა ცხადაძე - პენალტი არ იყო, იმედია, კობიაშვილი და მსაჯთა კომიტეტი ამას ყურადღებას მიაქცევენ #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება „დინამო-არენაზე“ ქობულეთის „შუქურასთან“ შეხვედრით განაახლა.
„დინამოში“ მთავარ მწვრთნელად დაბრუნებული კახა ცხადაძის პირველი მატჩი მთავარი მწვრთნელის როლში იმით დასრულდა, რომ ის მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა. მიზეზი „დინამო თბილისის“ კარში 82-ე წუთზე დანიშნული პენალტი გამოდგა.
„ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა. იმედია, ბატონი ლევანი (კობიაშვილი) ამ საკითხს მიხედავს. ალბათ, სამსაჯო კომიტეტიც ამ ეპიზოდს კარგად გააშუქებს. ასე არ შეიძლება – ვნახე ეს ეპიზოდი და პენალტი არაა. შეიძლება, მე ვცდებოდე. ასეთი ფაქტი სამწუხაროა. ფეხბურთელების შრომა წყალში ჩაიყარა“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.
სადავო ეპიზოდში დავით კობოურს ბურთი ყურში მოხვდა, შემდეგ კი მხარზე. ის მთავარ მსაჯს, ჯენერი ხორავას უმტკიცებდა, რომ ხელში არ მოხვედრია, მაგრამ დინამოელთა პროტესტი მსაჯმა არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილება არ შეცვალა. პენალტი კი ჯეფერსონ ჯერალდომ გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1
ცხადაძე იმედოვნებს, რომ „დინამო“ თამაშს გამოასწორებს:
„ერთი კვირაა, რაც მოვედით და წინ მივდივართ. ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადე, რადგან ძალიან თავდადებულად და მონდომებით ვარჯიშობენ. მოთამაშეთა ინდივიდუალურ ხარისხს რაც შეეხება, ამ კუთხით ვარჯიში სჭირდებათ. რაღაც კომპონენტები გამოსასწორებელია. იმედია, მოვუმატებთ და ისეთ ფეხბურთელებს დავიმატებთ, რომელთაც შემოქმედებითობა გააჩნიათ“.
მისი თქმით, „დინამოში“ მუშაობას თავისებური სპეციფიკა გააჩნია:
„აქ უფრო მეტია წნეხი, ვიდრე უცხოეთის იმ კლუბებში, სადაც მიმუშავია. ეს იმიტომ, რომ ყველა შედეგს ელოდება, საამისოდ კი ყველაფერს გავაკეთებთ. შედეგისთვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ – გუნდმაც, მწვრთნელებმაც, ფეხბურთელებმაც“.