კახა ცხადაძე - ევროტურნირებზე გუნდების არც არდაფასება ვარგა და არც გადაფასება #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა ნიონში გამართულ წილისყრაზე კომენტარები გააკეთეს – საქართველოს ვიცე-ჩემპიონი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონურ „პაიდე ლინამეესკონდს“ შეხვდება.
„მეტოქე ჩვენთვის აბსოლუტურად უცხო გუნდია. დავიწყებთ ინფორმაციის შეგროვებას. ყველას პატივს ვცემთ, ევროტურნირებზე ვინმეს არდაფასება ან გადაფასება არანაირად არ შეიძლება. ამიტომ, ამ თამაშისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ“, – ამბობს კახა ცხადაძე.
ანზორ მექვაბიშვილი: „თამაშისთვის მაქსიმალურად მობილიზებულები ვიქნებით. ჩვენთვის ყველა ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია და ვეცდებით, რაც შეიძლება შორს წავიდეთ. მეტოქეზე ინფორმაციებს მივიღებთ და ამის შემდეგ ამ თამაშებისთვის უფრო კარგად მოვემზადებით. გულშემატკივრებს მოვუწოდებთ, მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ. ბევრი მაყურებელი ისეთ ატმოსფეროს ქმნის, რომ მეტოქე „კლანჭებში“ ექცევა და ეს ძალიან გვეხმარება. პირველი თამაში თბილისში გვაქვს და რა თქმა უნდა, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“.
კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გუნდებს 3 საკვალიფიკაციო და პლეი ოფის ეტაპები ექნებათ გასავლელი. I საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 7 და 14 ივლისს დაიგეგმა.