კახა ცხადაძე - ევროტურნირამდე ლატვიაში სპარინგი ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT
კახა ცხადაძის თქმით, ლატვიის ჩემპიონ „რიგას ფსთ“-თან ამხანაგური მატჩი „დინამო თბილისისთვის” ევროთასებამდე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
თბილისელები ლატვიაში მიემგზავრებიან და 10 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას ლატვიის ჩემპიონ „რიგას რფს“-თან გამართავენ.
„ლატვიის ჩემპიონის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამხანაგური თამაში დავგეგმეთ. ამ შეხვედრას ჩვენთვის მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. მოგეხსენებათ, მალე ევროთასების მატჩები ახლოვდება, ვემზადებით კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრებისთვის და ამიტომ ჩვენთვის ერთგვარი გამოცდილება იქნება, როდესაც გუნდი წინა დღეს გაფრინდება, თამაშს ჩაატარებს და უკან დაბრუნდება“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.
„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი გახარებულია, საერთაშოტრიოს მატჩის გამართვის შესაძლებლობა რომ გაუჩნდა:
„ეს მნიშვნელოვანი მატჩია და კარგია, რომ ასეთი თამაშის გამართვის შესაძლებლობა მოგვეცა. ჩვენი მეტოქე ლატვიის ჩემპიონია, ისიც ჩვენსავით ევროტურნირებისთვის ემზადება, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშობს. ჩვენთვისაც საინტერესოა, ასეთ რეჟიმში როგორ ვიმუშვებთ. ამ თამაშს ასეთი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს“.
რიგაში გამგზავრებამდე „დინამომ“ ბოლო ვარჯიში თბილისში გამართა. „დინამოსა“ და რფს-ის შეხვედრა 10 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება – შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას „სეტანტა სპორტი“ შემოგთავაზებთ.