„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კიევის „დინამოსთან“ თურქულ შეკრებაზე გამართული მატჩი შეაფასა და გუნდის თამაშში ხარვეზები აღნიშნა. შეგახსენებეთ, რომ ამ მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი უკრაინის ჩემპიონთან 0:1 დამარცხდა.
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ფეხბურთელებს საკუთარი ძალების რწმენა აკლიათ.
„კიეველებთან ძალიან კარგი სპარინგი გვქონდა. ასეთ გუნდებთან თამაში ძალიან ბევრს გვაჩვენებს, თანაც – ყველა მიმართულებით. ჩვენ ფეხბურთელებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადეთ, რადგან ტემპიდან და ორთაბრძოლებიდან გამომდინარე, ძალიან კარგი სამუშაო შეასრულეს. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ფეხბურთელები ტექნიკის უკმარისობას განიცდიან. ერთადერთი, რაზეც სამუშაო გვაქვს – თვითდაჯერებულობაა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კიეველთა მოთამაშემ რომ გაგვიტანა, ძალიან თავდაჯერებულად დაარტყა. ეს არ ჩანდა მაშინ, როდესაც ჩვენ მომენტები შევქმენით“, – ამბობს კახა ცხადაძე.
„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, ბოლო სპარინგებში გამოჩნდა, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება.
„ფეხბურთელებმა ერთი რამ უნდა იცოდნენ – სწორი ტაქტიკით და კარგი ფიზმოზმადებით თამაში ყველასთან შეიძლება. ეს ბოლო ორ მატჩში დავინახეთ. ვეთამაშეთ „ლუდოგორეცსა“ და კიევის „დინამოს“ – ორ ისეთ გუნდს, რომლებიც ბოლო წლებში სულ ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ჯგუფებში ხვდებიან. მიმაჩნია, რომ ტემპით მეტოქეებს არანაირად არ ჩამოვრჩებოდით. უბრალოდ, მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ რეალური წინაღმდეგობა გავუწიოთ ასეთი დონის მეტოქეებს, როდესაც ისინი მაღალი პრესინგით გვეთამაშებიან. კიეველებთან განსაკუთრებით საწყის 20 წუთში, ძალიან ბევრჯერ დაიკარგა ბურთი, ამოტანა გვიჭირდა. ამ დროს მნიშვნელოვანია არა იმდენად ტექნიკური მხარე, არამედ, თავდაჯერებულები რომ ვიყოთ. ერთადერთი ამის უკმარისობა მქონდა“.