კახა ცხადაძე - „დინამოს“ ახალგაზრდები ელემენტარულ შეცდომებს უშვებენ, ასეთი რამ სკოლაში უნდა ისწავლონ #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ „საბურთალოსთან“ მოგებული (2:1) შეხვედრა შეაფასა, მაგრამ საკუთარი გუნდით აღფრთოვანებული არ ჩანდა.
„წაგებათა ასეთი სერია სამარცხვინო იყო. ეს „დინამო თბილისს“ არ ეკადრებოდა და ამის გამო ჩვენს ფანებს ბოდიში მოვუხადე. იმის ნაცვლად, რომ დიდი ანგარიშით მოგვეგო, სანერვიულო გაგვიხდა. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ – ერთი-ერთზე გასული რომ ვერ ასრულებს, მერე თამაში სანერვიულო ამიტომ გვიხდება. მეორე ტაიმში ცვლილებები განვახორციელეთ, კორექტივებიც შევიტანეთ და ნახეთ, რომ გოლიც გავიტანეთ და ძალიან ბევრი მომენტიც შევქმენით“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებზეც ილაპარაკა:
„ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბევრი სამუშაო აქვთ. დაცვაში ბევრი შეცდომაა… ყველა გოლი ელემენტარული ინდივიდუალური შეცდომის გამო გადის, ბურთს არასწორად ვიგერიებთ, ან არასწორად ვურტყამთ. ეს ელემენტარულია, რაც ფეხბურთელმა სკოლაში უნდა ისწავლოს. აქედან გამომდინარე, ბევრი წუნი გვაქვს. სამწუხაროა, მაგრამ რა ვქნათ, მუშაობა უნდა განვაგრძოთ“.