„დინამო თბილისმა“ „საბურთალო“ დაამარცხა და გალიდერდა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ „საბურთალო“ დაამარცხა და გალიდერდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას „დინამო-არენამ“ უმასპინძლა, სადაც პრინციპული მატჩი შედგა – კახა ცხადაძის „დინამო თბილისმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა.

ანგარიში „დინამომ“ გახსნა – მე-14 წუთზე, ლევან ხარაბაძის მოწოდებული ბურთი „საბურთალოს“ მცველს, დმიტრი მანდრიჩენკოს მოხვდა და სტუმართა კარში აღმოჩნდა – 1:0. „დინამოს“ სხვაობის გაზრდა რამდენიმეჯერ შეეძლო, მაგრამ გოლი საკუთარ კარში გაუშვა – 41-ე წუთზე, აკაკი შულაიას ფლანგური გადაცემა დაჩი ცნობილაძემ დააგვირგვინა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

მეორე ტაიმი „დინამომ“ უკეთ დაიწყო და მალე დაწინაურდა. მილან რადინის კარგი გადაცემის შემდეგ, გუნდის ახალწვეულმა, ბანს ოსეიმ ერთი შეხებით დაარტყა, „საბურთალოს“ კარი მეორედ აიღო და მატჩი ასეც დასრულდა 2:1.

22 ტურის შემდეგ „დინამომ“ 44 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოს“ (43 ქულა) გადაასწრო, რომელიც ამ ტურში „სამტრედიას“ შეხვდება. „საბურთალო“ 35 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა.