კახა ცხადაძე - „დინამო“ არ უნდა იყოს ერთპიროვნულად მართული, საჭიროა ბორდი #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ, რომელმაც გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას „დინამო თბილისში“ მიმდინარე სიახლეებზე ილაპარაკა.
„გუნდში მისვლისთანავე ვთქვით, რომ „დინამოში“ ყველაფერი გლობალურად უნდა შეცვლილიყო. აუცილებელია, რომ ევროპული ყაიდის კლუბი გახდეს. ამიტომ, საჭირო იყო ახალი სპორტული დირექტორი ალეკო რეხვიაშვილი, სელექცია უნდა გაძლიერდეს.
„დინამო“ არ უნდა იყოს ერთპიროვნულად მართული. საჭიროა ბორდი, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა – მარკეტინგის ნაწილი და მეორე სპორტული მხარეა. უკვე ჩვენი გეგმა გვაქვს, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ.
აკადემიიდან მოთამაშეთა ნაკლებობას არ განვიცდით, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე მუშაობა და უფრო მაღალი დონის მწვრთნელებია საჭირო. მოდიან ტალანტები, მაგრამ ბევრი რამ სჭირდებათ – ფიზმომზადებაში, ინდივიდუალურად. შესაძლოა, უცხოელი სპეციალისტებიც მოვიდნენ, „დინამო“ აკადემიიდან უკეთ გაზრდილი მოთამაშეებით რომ მომარაგდეს.
მეორე და მთავარია, გამოცდილებისა და ახალგაზრდების სინთეზი მოხდეს. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ მოვიწვიოთ გამოცდილი მოთამაშე, რომელიც დიდი ხანია ნაკრებშია. ამაზე ვმუშაობთ. არ არის გამორიცხული, გუნდი უფრო კვალიფიციური ლეგიონერებით შეივსოს.
რეხვიაშვილი ისეთ წარმატებულ პროექტში მუშაობდა, როგორიც სოლიგორსკის „შახტარია“, რომელმაც „ბატეს“ პირველობა დაამხო. ჩვენი მოტივაცია ქართული ფეხბურთის ხელშეწყობაა და ამიტომ წამოვიდა ალეკო სოლიგორსკიდან. აქ ორ თვეში „დინამოს“ მიმართ დიდი აგრესია დავინახე. მინდა, რომ ეს განწყობა შეიცვალოს და ხალხმა გუნდი ძველებურად შეიყვაროს. ეს ყველაზე მთავარი ამოცანაა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – ფეხბურთელებს გუნდიდან წასვლა სურთ. „დინამოს“ ემბლემა კი ისეთივე მოთხოვნადი უნდა გახდეს, როგორც ადრე გახლდათ.
ბათუმის „დინამოდან“ ვინც საქართველოს ნაკრებში მოხვდა, მათი ნაწილი „დინამოს“ აღზრდილია. მთავარია, ჩვენი გაზრდილები შევინარჩუნოთ და ევროპაში ჩვენგან წავიდნენ. ახლა ბევრი ახალგაზრდა მოვიწვიეთ.
პრეზიდენტთან ახალ კონტრაქტზე რომ შევთანხმდით, მაშინ ვთქვით, რომ ადრეულ ასაკში არავინ არ უნდა წავიდეს. ჯერ აქ უნდა ითამაშოს, გახდეს ლიდერი და ევროპაში მერე წავიდეს“.