კახა ჩხეტიანი - ორ-სამ დღეში პრესკონფერენციას გავმართავ და იქ ვისაუბრებ #1TVSPORT
კახა ჩხეტიანმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურად გააკეთა კომენტარი საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ პრეს-სამსახურის გავრცელებულ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც, ის გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარაა.
„ფაქტია, რომ სასურველი შედეგები არ გვქონდა, მაგრამ აქვე ვიტყვი – შედეგებს თავისი წინაპირობა ჰქონდა. გუნდის ახალი მეპატრონე მაშინ მოვიდა, როდესაც სატრანსფერო „ფანჯარა“ დახურული იყო და სამწუხაროდ, ისე ვერ გავძლიერდით, როგორც გვსურდა. ზოგიერთი დამატებული მოთამაშე სეზონის მსვლელობისას ცდილობდა ფორმის აღდგენას. ამ ფაქტებს ვერ გავექცევით. ამ ყველაფერმა ცხადია, შედეგებზე გავლენა მოახდინა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან კახა ჩხეტიანმა.
ქუთაისის „ტორპედოს“ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გულშემატკივრებს მიმართა და პრესკონფერენცია დააანონსა:
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც არა მხოლოდ მოგების დროს დგანან გუნდის გვერდით, არამედ, ყველაზე დიდი გაჭირვების და მარცხის შემდეგაც. ბედნიერი ვარ, რომ მათ თანადგომას ვგრძნობ. რაც შეეხება სათქმელს, 2-3 დღეში პრესკონფერენციას გავმართავ და იქ ვისაუბრებ“.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ გავრცელებული ცნობით, ჩხეტიანის გაშვების მთავარი მიზეზი გუნდის მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგები და არსებული სატურნირო ვითარება იყო.
შეგახსენებთ, რომ კახა ჩხეტიანი „ტორპედოში” 2016-2019 წლებში მუშაობდა და კლუბს ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული მოუტანა. ის წლეულს დაბრუნდა, როდესაც გუნდი ბოლო ადგილებზე იმყოფებოდა. მისი მისვლის შემდეგ მდგომარეობა თავიდან გამოსწორდა, მაგრამ „ტორპედომ“ შედეგები საგრძნობლად მაინც ვერ გააუმჯობესა. ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის ჩხეტიანს.