კახა ბექაური - უახლოეს პერიოდში მომხმარებელს საშუალება ექნება, ინტერნეტის ხარისხი მარტივი აპლიკაციით გაზომოს
კახა ბექაური - უახლოეს პერიოდში მომხმარებელს საშუალება ექნება, ინტერნეტის ხარისხი მარტივი აპლიკაციით გაზომოს

უახლოეს პერიოდში მომხმარებელს საშუალება ექნება, ინტერნეტის ხარისხი მარტივი აპლიკაციით გაზომოს, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, ფიქსირებული ინტერნეტის სერვისებში და მომსახურებაში კომისია მუდმივად უკმაყოფილო იყო, რაც არა ერთხელ უთქვამს, რომ ინტერნეტის ხარისხი ძალიან ცუდია და ფიქსირებული ინტერნეტის პაკეტებში და მომსახურებაზე ფასებიც მაღალია.

„ამიტომ, ბოლო ერთი წელიწადია, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის შექმნაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომელიც უკვე შევქმენით. ჩამოვიტანეთ შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობა, თავისი პროგრამული უზრუნველყოფით. ეს სისტემა უკვე გამართულია და ყოველდღიურ რეჟიმში, დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეგვეძლება, შევამოწმოთ, ნებისმიერი ოპერატორი თავის ნებისმიერ აბონენტს აძლევს თუ არა იმ ხარისხის მომსახურებას, რაც კონტრაქტში უწერია“, – განაცხადა ბექაურმა.

როგორც ბექაურმა აღნიშნა, ეს სისტემა უკვე დამონტაჟებულია, ტესტირების რეჟიმს გადის და უახლოეს პერიოდში კომისია კამპანიას დაიწყებს.

„მომხმარებელს საშუალება ექნება, ტელეფონში, თუ კომპიუტერში ჩამოტვირთოს მარტივი აპლიკაცია, რომელიც კომისიის ვებგვერდზე იქნება განთავსებული და ინტერნეტის ხარისხი ამით გაზომოს. თუ მას ეჭვი შეეპარება, რომ ხარისხი ცუდია, პირდაპირ მოგვმართავს. ჩვენ ამას მომართვის გარეშეც, ონლაინ დავინახავთ და კომუნიკაციების კომისია ყველა დარღვევაზე მყისიერ რეაგირებას მოახდენს“, – განაცხადა ბექაურმა.

კახა ბექაურმა ასევე განაცხადა, რომ კომისიამ ოპერატორებს კონტრაქტები შეაცვლევინა, რადგან მათ მომხმარებლებთან ვალდებულება არ ჰქონდათ აღებული.

„დადგენილებით დავავალდებულეთ, კონტრაქტები შეეცვალათ და ყველა მომხმარებლის კონტრაქტში ხარისხის მაჩვენებელი პარამეტრები ჩაეწერათ, რის დაცვის ვალდებულებასაც შემდეგ აიღებენ. კომისია რეგულარულად შეამოწმებს, მართლაც აწვდიან თუ არა მომხმარებელს იმ ხარისხით, რაც ხელშეკრულებაშია ჩაწერილი და თუ ეს ირღვევა, შესაბამის რეაქციას გავაკეთებთ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.