კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისია ქვეყანაში ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხის გაზრდისა და ფასის კლების მიზნით პრაქტიკულ ქმედებებს ახორციელებს
კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისია ქვეყანაში ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხის გაზრდისა და ფასის კლების მიზნით პრაქტიკულ ქმედებებს ახორციელებს

საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხი ძალიან დაბალი, ფასები კი, ძალიან მაღალია, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა ჟურნალისტებს ინტერნეტის ფასებზე ჩატარებული კვლევის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განუცხადა.

მისი თქმით, კომუნიკაციების კომისია, ხარისხის გაზრდისა და ფასის კლების მიზნით ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობს.

„როდესაც ვამბობ, რომ ფასები მაღალია, კმაყოფილი არ ვარ იმით, რომ მაღალი ფასები თუნდაც რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან შედარებით გვაქვს. მსოფლიო მასშტაბით, პირველ ათეულში ვართ. რამდენიმე ქვეყანაში ინტერნეტი ჩვენზე იაფია. შესაბამისად, კომისია ბოლო ერთი წელიწადია, პრაქტიკულ ქმედებებს აქტიურად ახორციელებს იმ თვალსაზრისით, რომ ინტერნეტის ხარისხმა აიწიოს და ფასებმა დაიწიოს“, – განაცხადა ბექაურმა.

მისი თქმით, კომისია ხელს უწყობს ბაზარზე ახალი ინტერნეტის მიმწოდებელი გლობალური მოთამაშეების შემოყვანას. მაგალითად, საუბარი იყო კომპანია „იტალ ტელეკომზე“.

„ასევე, ინტერნეტის ხარისხის კონტროლს ვგეგმავთ. ყველა პროვაიდერს ვალდებულება აქვს, რომ 15 აგვისტომდე მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეცვალონ და მასში ინტერნეტის ხარისხის პარამეტრები შეიტანონ. პირველი სექტემბრიდან კი, მათ ხარისხის ის პარამეტრები უნდა დაიცვან, რა ვალდებულებებსაც ხელშეკრულებით აიღებენ. შემოწმების საშუალება თავად მომხმარებლებსაც ექნებათ და ამას კომისიაც გააკონტროლებს“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

ამასთან, როგორც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ამბობს, კონკურენციის გაზრდის მიზნით, რომელიც ფასების კლებას ხელს შეუწყობს, კომისიამ საჯარო ტენდერით კომპანია დაიქირავა, რომელიც საბითუმო ინტერნეტ ბაზარზე ტარიფის გამოთვლას ახორციელებს.

„ჩვენ ამ სამუშაოს დასრულებისთანავე უკვე გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ მაგისტრალური ქსელის მფლობელ, ინტერნეტის მიმწოდებელ ოპერატორებს ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი დავაკისროთ. ჩვენ ველოდებით, რომ საბითუმო ბაზარზე ხარჯზე ორიენტირებული ტარიფის დადგენა საცალო ტარიფებს შეამცირებს“, – განმარტა კახა ბექაურმა.

ამასთან, მისი ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 10 პროცენტით გაიზარდა. ინტერნეტის მომხმარებელია დაახლოებით 700 ათასი ოჯახი. მთლიანი ბაზარი კი, მილიონზე მეტ მომხმარებელს მოიცავს. ამასთან, კომისია ინტერნეტზე წვდომის გაზრდის მიზნით, სამომავლოდ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას აპირებს.

რაც შეეხება მობილური ინტერნეტის ფასებს, კახა ბექაურის განცხადებით, საქართველოში მსოფლიოს მასშტაბით, მობილური ინტერნეტის საუკეთესო ფასებია.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინტერნეტის ფასები დაახლოებით 60 პროცენტით შემცირდა. ამიტომ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციაც მაღალია და მეოთხე ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ პროდუქტებიც კარგია. მობილური ინტერნეტის ფასებმა დაიწია. შესაბამისად, მაღალტექნოლოგიური სერვისებიც ვითარდება“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

დატოვე კომენტარი